შავი ზღვა მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოებისთვის და უნდა მიიპყროს ნატოს მეტი ყურადღება - ზურაბიშვილი
შავი ზღვა მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოებისთვის და უნდა მიიპყროს ნატოს მეტი ყურადღება - ზურაბიშვილი

A+ A-

17:34 22/01/2021

კავკასიის რეგიონში ახალი კონფიგურაცია გვაჩვენებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებამ უნდა მიიპყროს ნატოს მეტი ყურადღება, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება.

„თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც ჩვენი ყურადღების უმეტესი ნაწილი „კოვიპანდემიამ“ მიიპყრო, შეზღუდა დიპლომატიური აქტივობა, დრო მოვიდა, რომ ისევ საერთო ინტერესებზე, საერთო ღირებულებებზე აქცენტირება მოვახდინოთ, როგორიც არის სოლიდარობა და საერთო პროექტები. მოხარული ვარ, რომ ამ წლის დასაწყისში ისევ აქ ვიმყოფებით და ვაჩვენებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ახალ გამოწვევებთან ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, მეტი მოძრაობა და მეტი შემართება. რამდენიმე ფაქტორი გვიბიძგებს ამ მიმართულებით. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მზად არის, დაადასტუროს თავისი კავშირები ნატო-სთან და თავისი ყოფნა ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვნახეთ ახალი კონფიგურაცია ჩვენს რეგიონში, რომელიც გვაჩვენებს, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, კავკასია და შავი ზღვა მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოებისთვის და უნდა მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ნატო-ს მხრიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის პანდემიაზეკიბერშეტევაზედეზინფორმაციასა და სხვ.

„ახალი გამოწვევები ერთად უნდა დაიძლიოს: „კოვიდ-19“, კიბერუსაფთხოება, დეზინფორმაცია და კონფლიქტები, რომელსაც ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ამისთვის გვჭირდება ძალების გაერთიანება და პარტნიორების მხრიდან სოლიდარობის იმედი გვაქვს. უნდა დავიცვათ საკუთარი თავი განახლებული და უფრო ხშირი კიბერშეტევებისგან და დესტაბილიზაციისგან.

მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად კრიზისისა, მიუხედავად კონფლიქტისა ჩვენს რეგიონში, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა და გაზრდილი პროვოკაციებისა, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში. საქართველო მტკიცედ დგას დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ ქვეყნის შიგნით და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის მედეგობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ნატო-ს მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო.

ამ თანამშრომლობას უნდა ვუმადლოდეთ თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტების და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას, რომელიც საჭიროა წევრობისთვის. საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებას და ნატო-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის.

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.