"ლელო" ბათუმში მომხდარ ინციდენტს ემიჯნება
"ლელო" ბათუმში მომხდარ ინციდენტს ემიჯნება

A+ A-

21:26 23/01/2021

პარტია "ლელო" ბათუმში მომხდარ ინციდენტსა და ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის ურნიდან ნარჩენების გადაყრის ფაქტს ემიჯნება. 

როგორც პარტიის წევრი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, ჩავლეიშვილის მსგავსად, სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილზეც მოხდა მსგავსი თავდასხმა და მსგავსი პოლიტიკური პრაქტიკა "ლელოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია.

"ბათუმში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ახალი პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობა; სადაც, პოლიტიკის იარაღი სიტყვა, არგუმენტები და გუნდური ძალისხმევაა. ჩვენთვის, ,,ლელოს" გუნდისთვის, რომელიც მომხრეა და თავად ამკვიდრებს ახალ ღირსეულ პოლიტიკურ სტანდარტებს ქართულ რეალობაში, კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა, რაც არ უნდა გახდეს ჩვეული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ასევე, კარგად გვახსოვს სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილზე თავდასხმა, რომლის შემოქმედი "ქართული ოცნების" აქტივისტი და გორის მერიის თანამშრომელი(საჯარო მოხელე) იყო, თუმცა, აღნიშნული ფაქტი მერიის რეაგირების გარეშე დარჩა. ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკის მსგავს, მიუღებელ პრაქტიკას და ვამკვიდრებთ ახალი, ღირსეული ოპონირების პოლიტიკურ სტანდარტს!", -  აცხადებს კუპრაძე. 

ცნობისთვის, ბათუმში საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.