დაგვპატიჟონ და მივალთ ოპოზიციის შეხვედრებზე, არავინ გვპატიჟებს და არ მივდივართ - იოსელიანი
დაგვპატიჟონ და მივალთ ოპოზიციის შეხვედრებზე, არავინ გვპატიჟებს და არ მივდივართ - იოსელიანი

A+ A-

17:36 26/01/2021

პარტია ,,მოქალაქეები” საპარლამენტო მანდატებს არ გააუქმებენ, რადგან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ, ხოლო ოპოზიციასთან პოლემიკა დაასრულეს და მათთან აღარაფერი ესაქმებათ. ამის შესახებ ,,2020NEWS”-თან ,,მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს.

იოსელიანის თქმითვე, პარტია ,,მოქალაქეები” გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებზე აღარ დადიან, რადგან ისინი იქ არავის მიუწვევია.

თქვენ მანდატების გაუქმების თაობაზე განცხადება არ დაგიწერიათ, ანუ არ გსურთ მანდატების გაუქმება... პარლამენტში შესვლის საკითხი გადაწყვეტილი გაქვთ?

- პარლამენტში შესვლის საკითხი, ჯერჯერობით, არ გადაგვიწყვეტია და რატომ მისვამთ ისეთ კითხვას, რომელიც ჩემს პასუხთან არაფერ შუაშია?!

ჩვენ არ დაგვიწერია განცხადება, რადგან მოლაპარაკების რეჟიმში ვიმყოფებით....

მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, დაურეკეს მათ, ვისაც გადაწყვეტილი ქონდა, პარლამენტში არ შესულიყო.

მიდიხართ თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებზე, გუშინაც გაიმართა ასეთი შეხვედრა „ლელოს“ ოფისში?

- გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებზე დიდი ხანია, არ ვყოფილვართ, რადგან არავის დავუპატიჟებივართ, თუკი დაგვიძახებენ, აუცილებლად მივალთ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რევოლუციური სცენარისკენ მიჰყავს. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? ვიმიყავს საქართველო რევოლუციისკენ?

- ჩვენი პარტიისთვის ყოვლად მიუღებელია პროცესების ქუჩაში გადატანა. რომელი მხარეც არ უნდა იყოს, არავის ეპატიება რევოლუცია და არეულობა. მღელვარება, რევოლუცია და მსგავსი არეულობა პარტია ,,მოქალაქეებისთვის” ყოვლად მიუღებელია.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს და კვლვ ძველ მოთხოვნებს აყენებს, რამდენად სწორად იქცევიან, ძველ მოთხოვნებს რომ აყენებენ და  რას ურჩევთ, რას მოუწოდებთ მათ?

- მე არავის არაფერს არ მოვუწოდებ. ოპოზიციასთან პოლემიკას აზრი აღარ აქვს და უკვე დავასრულე. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომლითაც ვმოქმედებთ“.

ცნობისთვის, დღეს, 26 იანვარს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა საბოლოოდ გადაამოწმა პოზიცია იმ ,,პარლამენტარების”, რომლებიც უარს ამბობენ საპრლამენტო მანდატებზე და ხელისუფლებასთან ბრძოლას ბოიკოტის რეჟიმში, პარლამენტს გარეთ განაგრძობენ.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერთა უმრავლესობამ უარი განუცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტში შესვლაზე, ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ხატია მამულია