აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება
აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება

A+ A-

11:19 09/02/2021

დღეს აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ.

იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.

იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში გამოუცხადა. 13 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ტრამპისთვის სენატში იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის მიხედვით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს მომავალში სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.