"ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ"
"ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ"

A+ A-

23:51 25/02/2021

ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი ნინი ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის.

როგორც ჟიჟილაშვილმა "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა, დაახლოებით თვენახევრის წინ მას უცნობი პირი სახლთან დახვდა და ფოტოებს უღებდა.

"ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ და არ მივმართე პოლიციას. მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და მიღებდნენ ფოტოებს. მეზობელი ჩაერია და მეორედ იგივე მამაკაცი დამხვდა და შემდეგ უკვე ოჯახის წევრები ჩაერივნენ. ამით სიტუაცია განიმუხტა. ეს ხდება შიგადაშიგ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი აუცილებლად მოგზავნილია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არა. ჩემი ეზო არის შემოფარგლული და შემთხვევით იქ არავინ ხვდება. ანუ ვიღაც დგას, გელოდება. შემდეგ შემომყვა სადარბაზოში, როცა მეზობლებმა ჰკითხეს ვინ ხარ, მერე გაიქცა", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.