ნამოხვანჰესის საკითხის განხილვა კვირის ბოლოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაიწყება
ნამოხვანჰესის საკითხის განხილვა კვირის ბოლოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაიწყება

A+ A-

12:30 03/03/2021

ნამოხვანჰესის საკითხის განხილვა კვირის ბოლოს, დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობა მზად არის საკითხზე მსჯელობა დაიწყოს, თუკი ამის სურვილი დეპუტატებს ექნებათ.

"რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც გამოდის მოთხოვნით, რომ ამასთან დაკავშირებით იყოს უფრო აქტიური დისკუსია, პარლამენტში მათ შორის, რასაკვირველია, ეს განხილვის საგანია. მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება"- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტარები ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციების მიზეზს, მოსახლეობის არაინფორმირებულობაში ხედავენ. მმართველ გუნდში თანხმდებიან, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება.

"ნამოხვანჰესზე სწორი კომუნიკაცია თუ არ მოვახდინეთ და თუ სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3 მილიარდ ნახევარი დოლარის ღირებულებისაა და ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითი პრობლემა"-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.

"როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა დაინტერესებული პირი, დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული პროექტის იმ შესწორებების შესახებ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა სწორედ გარემოს ზემოქმედების დეკუმენტის დამტკიცების შემდგომ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს განცდა, ცრუ წარმოდგენები პროექტის თაობაზე"-განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

სხდომა სავარაუდოდ, პარასკევსაა ჩანიშნული, სადაც ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები საზოგადოებას ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

პარლამენტის ტრიბუნიდან ნამახვანჰესის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს, დატოვოს კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუთაისის პიკეტირებას აანონსებენ.

ადგილობრივები უკვე 130-ე დღეა, პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათევენ.