დავით ბერძენიშვილი - მიშაც ცდება ხანდახან
დავით ბერძენიშვილი - მიშაც ცდება ხანდახან

A+ A-

12:59 05/03/2021

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეა გააკრიტიკა.

როგორც ბერძენიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ოპოზიციური პარტიების შეხვედრისას პლებისციტის იდეას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისცა.

"პლებისციტის იდეა ლელოს ფორმატში (მანდატიანი პარტიები) საფუძვლიანად განიხილებოდა. რესპუბლიკელები უფრო ზომიერ სკეპტიკოსთა ფრთას მივეკუთნებოდით, როგორც არაერთი სხვა ჯგუფი. ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია პლებისციტს ენმ-მ მისცა - პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. როგორც მახსოვს, ინიციატორი მანდატების რაოდენობით და ხმებით მეორე საარჩევნო სუბიექტი - "ევროპული საქართველო" იყო.

პარტიები შევთანხმდით, რომ ჩვენი ერთობა ურთიერთკომპრომისებს მოითხოვდა და მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის სახელით დაიდო ერთიანი დოკუმენტი, სადაც ეწერა პლებისციტი 2021 წელს", - წერს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, პლებისციტის მოგების შანსი ოპოზიციას შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ექნებოდა, რადგან მანამდე "ცალკე პლებისციტში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ვერ მიიღებდა მონაწილეობას".

"ოფიციალურად დაახლოებით სამმილიონახევარი ამომრჩეველია. ცხადია, 1.8 მილიონი ამომრჩეველი ოპოზიციას არ ჰყავს და პლებისციტში უმრავლესობას ვერ დავაფიქსირებდით. მეტიც, ოპოზიციის მომხრე მილიონი ამომრჩეველი არჩევნების გარეშე დანიშნულ პლებისციტზე(ვთქვათ, გაზაფხულზე) არ მოვიდოდა.

შესაბამისად, არა მარტო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, არამედ ბოლო არჩევნებში მონაწილეთა( 2 მილიონი) ნახევარზე მეტი ხმაც ვერ ექნებოდა ვადამდელ არჩევნებს საერთო ნაციონალური არჩევნების გარეშე. ძალიან რომ გაჭირვებოდა ხელისუფლებას, იგი უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მოგეხსენებათ, პლებისციტი სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებაა და ხელისუფლება მყარი არგუმენტით ჩათვლიდა, რომ ამომრჩეველთა მე დღიდან რეკომენდირებული არაა ვადამდელი არჩევნები.

ამასთანავე, ხელისუფლებას არ აწყობს არაპირდაპირ აღიაროს, რომ არჩევნების შედეგი საეჭვოა. არც მოითხოვდა მისგან დასავლეთი სასწრაფოდ ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამიტომ ხელისუფლება 2021-ში არც კი უშვებდა საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას.

2022 წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც განიხილებოდა მანდატიანი პარტიების ლელოს დახურულ ფორმატში. ანდრიუს კუბილიუსის საჯარო შემოთავაზებას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად გამოეხმაურა ლელო, რესპუბლიკური პარტია...სადისკუსიო საკითხი გახდა სხვადასხვა პარტიას და საზოგადოებაში. ასეთია საკითხის ისტორია", - წერს დავით ბერძენიშვილი.

ამასთან, ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ახლა პლებისციტის უკან წაღების ინიციატივა ოპოზიციას მკვეთრად დააზარალებს და ამავე დროს, ენმ-ს "ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს".

"პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას, გიორგი რურუას და საციხოდ გამზადებული ბევრი სხვა ადამიანის დახსნა დასავლეთის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. და სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უპრეცედენტო წარმატებული სტარტი გასაძლიერებელია და არა უნებურად ჩასაწიხლი.

ვადამდელი არჩევნების პოტენციური თარიღი 2022 წელია. პლებისციტის გარეშე თუ არ თანხმდება ამას ხელისუფლება, უნდა ვეცადოთ, მოვიგოთ პლებისციტი. მოგება კი მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებთან ერთადაა შესაძლებელი.

ან ის რა რთული მისახვედრია, რომ ხელისუფლება თუ იტყვის უარს" პოტენციური ვადამდელისთვის" პლებისციტზე და არც რაიმე სხვა ფორმით დაეთანხმება ვადამდელ არჩევნებს, სწორედ ის გამტყუნდება ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების თვალში.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საკუთარ წინადადებაზე უარის თქმა დააზარალებს საერთო საქმეს, ოპოზიციას და საკუთრივ ენმ-ს. გადაწყვეტილებას პარტიაში იღებს პარტიის ოფიციალური ხელმძღვანელობა. მაქვს ამის მოლოდინი, იმედიც და ვგულშემატკივრობ ნიკა მელიას. ასევე, სრულიად განსაკუთრებულია საერთაშორისო ასპარეზზე საერთო ოპოზიციური მთავარი საჯარო ფიგურის - სალომე სამადაშვილის ძალისხმევაც.

მიშაც ცდება ხანდახან. სწორი იყო, ენმ-ს პოლიტსაბჭოზე მხარი რომ დაუჭირა. ახლა პლებისციტზე ასეთი დარტყმით შეცდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და ამის დანახვა აუცილებელია. ამით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არაფერი დააკლდება და ენმ, ოპოზიცია მთლიანად და ქართული საზოგადოება მოიგებს.

დასავლეთი-ხელისუფლება-ოპოზიცია - ამ ტრიადაში ის ორი იგებს, რომლებიც ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან. პოსტსაბჭოთა საქართველოს მთელი პოლიტიკური ისტორია ამას ადასტურებს!", - წერს ბერძენიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს.