"ეს არის 2010 წლის ჩანაწერი და არის აბსოლუტური ფაბრიკაცია"
"ეს არის 2010 წლის ჩანაწერი და არის აბსოლუტური ფაბრიკაცია"

A+ A-

22:16 06/03/2021

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი "აბსოლუტური ფაბრიკაციაა".

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერი არის 2010 წელს გაკეთებული და ის სხვადასხვა საუბრების დროს გაკეთებული ჩანაწერებით და ფრაზებით არის აწყობილი.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

"გვქონდა ინფორმაცია ამაზე და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ არა - 2011 და 2012 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და "ქართული ოცნება", არამედ 2010 წლის, არა ერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრეფილია, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები.

არის აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით, ჩვეულებრივი კგბ-ს მეთოდით, არის დამონტაჟებული და მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი ჩვენს საზოგადოებას. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს ამაში, უნდა იყოს დაგმობილი და საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს თქვენი მეშვეობით იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ქმედებები არის დასაგმობი", - განაცხადა მდინარაძემ.

"ტვ პირველმა" სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეების დაშინებაზე ლაპარაკობენ.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, მხოლოდ ეფექტიანი გამოძიებით შეიძლება შეფასდეს ჩანაწერის ავთენტიკურობა და დადგინდეს ნამდვილობა, შინაარსი კი ცალკე გამოძიების საგანი უნდა გახდეს.