სოფელ გუმათში დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება
სოფელ გუმათში დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება

A+ A-

11:56 12/04/2021

სოფელ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მცველები და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება. თავდაპირველად აქცია თბილისში, კანცელარიის წინ დაანონსდა, თუმცა ხეობაში გვიან ღამით განვითარებული მოვლენების გამო, აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გუმათში გადაინაცვლონ.

"მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას!!!

შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა. მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ - ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას!

რიონის ხეობის მცველებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, ბრძოლის მთავარ ცენტრად უახლოეს დღეებში გუმათი გამოაცხადონ და მკაფიოდ მოგვიწოდეს, რომ ჩვენი სოლიდარობა ახლა მათ სწორედ გუმათში სჭირდებათ. გარდა ამისა, მათ თავად დააანონსეს თბილისში აქცია უახლოეს მომავალში. ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ მათი სიფრთხილისა და აუჩქარებლობის სტრატეგია, მათი მოწოდებები და თავი შევიკავოთ თვითორგანიზებული ქმედებებისგან. სწორედ ერთმანეთის გათვალისწინების ამ პრაქტიკამ და ამ სულისკვეთებამ მოიტანა პროცესი აქამდე და მთელი საქართველო გააერთიანა. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ერთად ჩავიდეთ გუმათში. აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები "სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის", "მწვანეები" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" არიან.