უკრაინის ელჩი - გვჯერა, ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ
უკრაინის ელჩი - გვჯერა, ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ

A+ A-

16:42 12/04/2021

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას, ახლა უკრაინას საერთაშორისო სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდება, რადგან მეზობელი რუსეთისგან აგრესიის ახალი ტალღა დაიძრა ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას და ეს ორი ქვეყანა ერთად დგომით ყველა პრობლემას დაძლევს.

"ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას. ქართველები და უკრაინელები ერთიანები არიან თავიანთ ამბიციებსა და გეგმებში, რომ გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები და განვსაზღვროთ ჩვენი საკუთარი მომავალი მოსკოვისგან ინსტრუციებისა და ზეგავლენების გარეშე. ჩვენ ერთად ვართ, დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყოველთვის მტკიცეა. მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა რამდენიმე დღის წინ. ეს იყო უკრაინის მიმართ გამოხატული ძალიან მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, უკრაინასა და საქართველოს მსგავსი პრობლემა აქვს: აგრესია და ოკუპაცია და ჩვენ ამ პრობლემებს ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან გამოწვეული საქართველოს ელჩი ჯერ კიდევ თბილისში იმყოფება, დოლგოვმა განაცხადა, რომ საქმე არ არის ელჩებში, პოლიტიკოსებში, ლიდერებში არამედ ხალხში.

"საქმე არ არის ელჩებში, პოლიტიკოსებში, ლიდერებში არამედ ხალხში. აი რა არის მნიშვნელოვანი, ქართველი ხალხისა და საქართველოს მხარდაჭერა, ეს არის საზომი და არა ცალკეული ადამიანები“, - აღნიშნა ელჩმა.