კორპორატიული შემოსავლების სეზონის გახსნამდე ბაზრები ტაიმ-აუტს იღებენ
კორპორატიული შემოსავლების სეზონის გახსნამდე ბაზრები ტაიმ-აუტს იღებენ

A+ A-

17:17 13/04/2021

ორშაბათის ამბები
1. აშშ-ის ბაზრები კვარტლური შედეგების მოლოდინში
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. ინდოეთში პანდემიური სიტუაცია უარესდება
4. აშშ-ის მთავრობამ ჩიპების მწარმოებლებს მხარდაჭერა აღუთქვა

კორპორატიული შემოსავლების სეზონის გახსნამდე ბაზრები ტაიმ-აუტს იღებენ

აშშ-ს საფონდო ბაზრები გასული კვირის მაქსიმალური დონეებიდან ოდნავ ჩამოიწია, ვინაიდან ინვესტორებმა მოგების ანგარიშთა ტალღის დაწყებამდე მცირე ხნით შეისვენეს. მოგების მოლოდინი საკმაოდ მაღალია: ანალიტიკოსები S&P 500-ის რეკორდულ კვარტლურ მაჩვენებელს, 25%-ს ელიან. ნახევრადგამტარული ჩიპების მწარმოებლებმა ბოლო სესია არაერთგვაროვანი შედეგების ფონზე დაასრულეს, რადგან სხვადასხვა ინდუსტრიის მესვეურები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შეხვდნენ და მათ გლობალური დეფიციტის საკითხზე ისაუბრეს.

კოვიდ-შემთხვევები კვლავ იზრდება ინდოეთში, ევროპის ზოგიერთ რეგიონსა და აშშ-ში. მიუხედავად ამისა, 2021 წლის ზრდის პროექტები განუხრელად ფართოვდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გასულ კვირას მსოფლიო მშპ-ს პროგნოზი განაახლა. კერძოდ, იგი მოელის, რომ  მშპ-ს დინამიკა ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე სწრაფ ტემპს აკრეფს. ეკონომიკური აღდგენის პროცესი რეალურ ,,V’’ ფორმის კონტურებს იძენს, რასაც იმუნიზაცია, ლოქდაუნების თანმიმდევრული შემსუბუქება და ტრილიონობით დოლარის ხარჯვა განაპირობებს.

აქვე, ხარჯის ხსენებისას აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიული პროპორციებით იზრდება., წინა თვეში დეფიციტმა $660 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 454%-ით მეტია. დანახარჯმა ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით 45%-ით იმატა და $3,4 ტრლნ-ს მიაღწია, რადგან სტიმულირების ორი კანონპროექტის მიღებამ ხაზინის უპრეცედენტო გახსნა გამოიწვია. ფისკალური წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო გარღვევამ რეკორდული, $1,7 ტრლნ მოიცვა. თუ პრეზიდენტმა ბაიდენმა $ 2,25 ტრლნ-ად შეფასებული ,,სამუშაო ადგილების გეგმისა’’ და $ 1,52 ტრლნ-ით განსაზღვრული საბიუჯეტო პროგრამის საკანონმდებლო დონეზე გატანა შეძლო, ეს ხაზინას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
●    Microsoft-ის მესვეურები პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერ Nuance Communications-ის ყიდვაზე (დაახლ. $16 მლრდ) მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს პარასკევს აქციის დახურვის მომენტში ფასის 23%-იან ნამატს მოასწავებს. ბურლინგტონში (მასაჩუსეტსი) დაფუძნებული ფირმა Apple-ის ციფრული ასისტენტის, Siri-ს მეტყველების ტექნოლოგიით არის ცნობილი. თუ გარიგება შედგა, იგი LinkedIn-ის შემდეგ (2016 წ. - $26,2 მლრდ) Microsoft-ის ყველაზე დიდი შენაძენი იქნება. ამ სიახლის ფონზე, წინასაბაზრო ვაჭრობაში NUAN-ის აქციების ზრდამ 22%-ს მიაღწია.
●    Alibaba-ს აქციები 12 აპრილს ჰონგ-კონგში თითქმის 8%-ით გაიზარდა - ეს იმის მიუხედავად, რომ შაბათს ჩინური ანტიმონოპოლური რეგულირების ორგანოებმა იგი $2,8 მლრდ-ით დააჯარიმეს. ამით დეკემბერში აღძრულ საქმეს წერტილი დაესვა. როგორც Morgan Stanley აღნიშნავს, BABA-ს ფუნდამენტალური მონაცემები ახლა ბაზრის ყურადღების ცენტრშია. ამასთან, ეს სიგნალია იმისა, რომ ჩინეთის მთავრობა მზად არის ონლაინ-ინდუსტრიის დიდ მოთამაშეებს შეუტიოს.
●    Reuters-ის ცნობით, 12 აპრილს თეთრ სახლში გამართულ სამიტს 19 დიდი კომპანიის, მათ შორის, Ford Motor-ის და General Motors-ის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის თემა ნახევრადგამტარი ჩიპების გლობალურად არსებული დეფიციტი იყო. მის გამო ავტომანქანების ორივე ფირმას წარმოების შეჩერება მოუწია, რის გამოც მათი ზარალი გარდაუვალია.
●    ,,მიმური აქცია’’, სახელწოდებით Riot Blockchain, წინასაბაზრო ვაჭრობისას თითქმის 5%-ით გაიზარდა. 9 აპრილს ბიტკოინის მაინერმა Whinstone-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომელიც აშშ-ში ბიტკოინის ჰოსტინგის უდიდესი დაწესებულებაა. ეს ოპერაცია მას $651 მლნ (ნაღდი ფული და აქციები) დაუჯდა. Whinstone-სთვის შემოსავლის წყაროს საიტის ინსტიტუციური კლიენტების კრიპტომაინინგი წარმოადგენს. CoinDesk-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 1%-ით მეტია და ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება.



აშშ-ში შემოსავლების სეზონი დიდი იმედებით იწყება

ამასობაში, კორპორატიული ანგარიშების სეზონი კარზე მოგვადგა. ამ კვირაში S&P 500-ის 23-მდე კომპანია (მათ შორის Dow 30-ის ოთხი კომპონენტი) კვარტლურ შედეგებს გამოაქვეყნებს. S&P 500-ის ინდექსზე წარმოდგენილი კომპანიების 67% ანგარიშებს 19 აპრილიდან 7 მაისამდე წარადგენს.

FactSet-ის თანახმად, ანალიტიკოსები S&P 500-ის წლიური მოგების 24,5%-იან მატებას ვარაუდობენ. ეს 2020 წლის ბოლოს დაფიქსირებულ ზრდაზე 15,8%-ით მეტია და, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, 2018 წლის მე-3 კვარტლის მერე EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) ყველაზე მკვეთრ ზრდას (+ 26,1%) ვიხილავთ.

საფონდო ბირჟებზე არსებული შეფასებების თანახმად, ინვესტორები ამ სეზონზე სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდებიან. S&P 500-მა 2021 წელს ისტორიული მაქსიმუმი 10-ზე მეტჯერ განაახლა, ინდექსის კომპონენტების 94,05% კი ამჟამად თავის 200-დღიან საშუალო მაჩვენებელს უსწრებს. 1-ლ კვარტალში ინდექსმა 5,8%-იანი მოგება ნახა. იგი უკვე ზედიზედ მეოთხე კვარტალია, რაც 5%-ზე დიდ ნამატს აფიქსირებს. LPL Research-ს თუ ვერწმუნებით, ეს მშვენივრად ჟღერს, რადგან წლის დასაწყისში 5-10%-იანი დიაპაზონში არსებული მოგება 12,4%-იან წლიურ საშუალო მოგებას მოასწავებს.

S&P 500-ის მთლიანი პერფომანსის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინისგან განსხვავებით, ცალკეული სექტორების შესახებ პროგნოზები ერთგვაროვანი არ არის. წლიური ზრდის მიხედვით ყველაზე მეტს სამომხმარებლო-დისკრეციული სექტორისგან (+ 103,2%) ელიან. მას ფინანსური (+ 78,7%) და მატერიალების (+ 46,4%) სფეროები მოჰყვება. სამომხმარებლო-დისკრეციულ ინდუსტრიაში თითქმის ყველა სეგმენტის (ავტომობილები, ქსოვილები, ტანსაცმელი და ძვირადღირებული საქონელი, ხანგრძლივი გამოყენების პროდუქტები) წარმოების ორნიშნა ციფრით გაზრდა  ივარაუდება. გამონაკლისია მხოლოდ სასტუმროების, რესტორნებისა და დასვენების ინდუსტრია.

ორი სექტორი, რომელსაც წლიურ ვარდნას უწინასწარმეტყველებენ, არის მრეწველობა (-16,6%) და ენერგეტიკა (-15,3%). ამ ორ სფეროში გაერთიანებული წარმოება პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და 1-ლ კვარტალშიც სხვებთან შედარებით აღდგენის ტემპებს ჩამორჩა. მათ შორის არიან ავიაკომპანიები და ნავთობისა და გაზის გადამამუშავებლები.

168,912
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 12 აპრილს ინდოეთში Covid-19-ის სწორედ ამდენი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა ინფექციების მეორე, სასტიკ ტალღას ებრძვის. ჯოშ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინდოეთმა ბრაზილიას კიდევ ერთხელ გადაუსწრო და ამჟამად მსოფლიოში ინფექციური შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმყოფება (13,5 მლნ). მესამე ადგილზე მან წლის დასაწყისში გადაინაცვლა. ახალი კერა მაჰარაშტრას შტატში გაჩნდა, რომელიც ეროვნული მშპ-ს 14%-ს აწარმოებს. რთული ვითარებაა ნიუ-დელიშიც. ლოქდაუნისა და ეკონომიკური პრობლემების გამო Sensex-ის ინდექსის ვარდნამ 3%-ს გადააჭარბა. ვაქცინის დეფიციტის ფონზე, აქამდე დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების ჯამური რაოდენობა 136 მილიონს აღემატება.

ინდოეთი ბოლო წლებში გლობალური ფარმაცევტული წარმოების ცენტრად ჩამოყალიბდა, რის ფონზეც საკუთარი მოქალაქეების იმუნიზაციის ასეთი ნელი ტემპი გაკვირვების საგანია. ყველაზე ხშირად ამის მიზეზად ადგილობრივი ბიუროკრატია და რეგულატორული დღის წესრიგი სახელდება. ქვეყნის ოფიციალური პირები მოითხოვენ, რომ უცხოურმა ფარმაცევტულმა გიგანტებმა ცდები საკუთარ მოსახლეობაზე ჩაატარონ, სანამ მიწოდების უფლებას მოიპოვებენ. ეს სიფრთხილისგან გამოწვეული ღონისძიება, ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, რეალურად უფრო ცუდ შედეგს იწვევს, ვიდრე აცრების შეფერხება. ამასთან, რადგან ინდოეთი ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის მთავარ ექსპორტიორად გვევლინება, პანდემიის პერიოდში დიდი ხნით გაჩერებული ქარხნები გლობალურ ეკონომიკურ აღდგენაზე საგრძნობლად აისახება.

ჩიპების საკითხი
კომპიუტერული ჩიპების მსოფლიოში არსებული სიმწირის თემის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ავტომწარმოებელი, ტექნოლოგიური და ნახევარგამტარული სექტორების კომპანიათა 20-მდე აღმასრულებელ დირექტორთან ვირტუალური შეხვედრა გამართა. როგორც თეთრი სახლის მდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, სამიტი დასკვნით ხასიათს არ ატარებდა, რომლის მიზანიც აშშ-ს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა ყოფილიყო. ბაიდენს უფრო მეტად დეფიციტისგან ყველაზე დაზარალებული მხარეების მოსმენა და იდეათა გაცვლა-გამოცვლა სურდა. მას თავისი ინფრასტრუქტურული კანონპროექტი, რომელიც $2,25 ტრლნ-ს მოიცავს, არც ამჯერად დავიწყებია და საუბრისას ახსენა: ,,ეს ჩიპები… არის ბატარეები, ინტერნეტი… ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურაა. ჩვენ თანამედროვეობასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ, და არა გუშინდელი მოდელის ანალოგი’’.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერი ბარა (General Motors), ჯიმ ფარლი (Ford) და კარლოს ტავარესი (Stellantis, ,,კრაისლერის’’ მწარმოებელი). სამივე კომპანიამ წარმოება მანქანის საკვანძო ნაწილებისთვის არასაკმარისი ჩიპების გამო გააჩერა. თავის მხრივ, ნახევრადგამტარული სექტორის კომპანიებს Intel, Micron Technology, NXP Semiconductors და Taiwan Semiconductor წარმოადგენდნენ. ისინი ახალ სატრანსპორტო აქციებად გვევლინებიან და, როგორც ჩანს, ,,ინფრასტრუქტურული პროგრამის’’ ხარჯები მათაც შეეხება.