პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა
პოლიციამ  გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

A+ A-

10:34 14/04/2021

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან, რკინის ბარიკადები აღმართა. აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე გვიან ღამით მუშაობდნენ, ბარიკადები კი დღეს გამთენიისას დადგეს.

ადგილზე რიონის ხეობის მცველები იკრიბებიან. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.

"სწორედ ამას ვგულისხმობდით როცა ვამბობდით, რომ ხეობა არის გადაცემული და არის კერძო საკუთრებაში უცხოელი ინვესტორის. ეს არის უკვე პირდაპირი დემოსტრირება ამის, როცა აღიმართა დილის 4 საათისთვის ეს რკინის ჯებირი. ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს, არ გვეძლევა საკუთარ სახლში შესვლის უფლება, იმიტომ რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს ან შემთხვევაში. ანუ, ის, რომ მთელი ხეობა არის გადაცემული სხვისთვის, ეს არის ნათელი მაგალითი ამ ყველაფრის. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენი ერთიანობაა საჭირო, იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენი სიმრავლით და მშვიდობით მთელს ამ ამბავს, რაც ახლა ხდება.

ჩვენ ჯერ ამ ადგილზე ვრჩებით, რადგან აქ გადის ბრძოლის ხაზი, მაგრამ  ველოდებით კიდევ მოვლენების განვითარებას, რა ნაბიჯები გადმოიდგმება კიდევ იმ რეპრესიულ დიაპაზონში ხელისუფლების მხრიდან და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადაინაცვლებს, ალბათ, ჩვენი აქციები დედაქალაქში", - განაცხადა ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.

გუშინ ღამით, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებელ კომპანია ENKA-ს ოფისთან, რიონის ხეობის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი ადგილზე "ენკას" კუთვნილი მანქანის მოსვლას მოჰყვა, რომელსაც აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს, როგორც თავად თქვეს, ხელისუფლების მიერ სოფელ ნამოხვანის ჩაკეტვის საპირწონედ. ადგილზე პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი 172-ე დღეა, გრძელდება.