რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია
რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია

A+ A-

13:48 14/04/2021

რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია. იქ, სადაც პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა, კიდევ რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავა, რადგან ისინი სწორედ ამ ჯებირებს აპროტესტებდნენ. მანამდე კი აქციის მონაწილეებმა  გაფრთხილება პოლიციის უფროსისგან მიიღეს, რომელმაც უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდნენ რკინის კედელზე ბრახუნს, პროპორციულ ძალებს გამოიყენებდნენ.

"ეს გაუთავებელი ბრახუნი არის აგრესია. მოგიწოდებთ, ეს აგრესიული ბრახუნი შევწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ სამართლებრივ ძალებს. მოთმინებით ვეკიდებით დილიდან, მაგრამ არ გათავდა ეს ბრახუნი", - განუცხადა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა მათ.

ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აბსოლუტურ აბსურდამდე დავიდა უკვე ყველაფერი, რომ დღეს ხელისუფლებამ, მათ უბრალოდ ხმაურიც კი აუკრძალა.

"პოლიციის მხრიდან ვხედავთ ისეთი ტიპის აკრძალვებს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ჯერ ალბათ არც ერთ ხელისუფალს არ მოუგონია თავისი ხალხის წინააღმდეგ. ახლა აგვიკრძალეს პროტესტის ხმაურით გამოხატვა. კედელზე, რომელიც აღმართეს და კეტავენ ხეობაში შესასვლელს, ჩვენი თანამებრძოლები ხელებს აბრახუნებდნენ, გამოვიდნენ პოლიციელები და თქვეს, რომ ეს არის კანონდარღვევა. ჩვენ ვთხოვეთ, წარმოედგინათ შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც გვეუბნება, რომ მსგავსი გამოხატვა არის კანონდარღვევა, თუკი წარმოგვიდგენთ ასეთ ჩანაწერს, აღარ გადავალთ კანონს. მათ ვერ წარმოგვიდგინეს, შესაბამისად გავაგრძელეთ ისევ ხელების ბრახუნი კედელზე. ამის შემდეგ გამოცვივდნენ პოლიციელები, მათ ჰყავთ საკმაოდ მრავლად პროვოკატორები, მათ შორის ჩვენს სივრცეშიც ჩანერგილი. ერთ-ერთმა პროვოკატორმა ისროლა ბოთლი პოლიციის მისამართით და ამას მოჰყვა დაპირისპირება.

ყველა მიმართულებით პროვოცირებს ახლა სახელისუფლებო მხარე, რომ მოხდეს აქ დაძაბულობა, შეტაკება ჩვენსა და პოლიციას შორის და ამით გააშავონ ჩვენი მოძრაობა, დაგვაბრალონ ისეთი რამ, რაც ჩვენი გაცხადებული პოზიციით გამოხატული გვაქვს აქამდე, რომ არ ვიქცევით ძალადობრივი გზებით, არ ვარღვევთ კანონს, პირიქით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ თვითონ მოიქცეს კანონის ფარგლებში", - განაცხადა ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში, ამ დროისთვის მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმი, აღმართულია რკინის ბარიკადები და მიტანილია საბურავები.

დღეს, გამთენიისას, პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან, რკინის ბარიკადები აღმართა, რომლის ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს კი აქციის მონაწილეები დგანან.  ადგილზე ვითარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა.