S&P 500 რეკორდების განახლებას აგრძელებს
S&P 500 რეკორდების განახლებას აგრძელებს

A+ A-

18:02 14/04/2021

სამშაბათის ამბები
1.    აშშ-ის ბაზრებმა ვარდნის შემდეგ პოზიციები სწრაფად აღიდგინა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    ყველაზე დიდი “SPAC” ისტორიაში
4.    ჩინეთმა მარტში რეკორდული რაოდენობის იმპორტი განახორციელა

S&P 500 რეკორდების განახლებას აგრძელებს

Dow Industrials-ის ინდექსიმა 13 აპრილის სესია თითქმის 1%-იანი ვარდნის ფონზე გახსნა, რაც Johnson & Johnson-ის კოვიდ-ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ სიახლეს მოჰყვა. აღდგენითი აქციები: ავიაკომპანიები, საკრუიზო ოპერატორების და სასტუმროები ამ ნიუსებისგან ,,ჩაიძირა’’, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ისინი დროდადრო ზემოთ იწევდნენ, ვინაიდან, ჯანდაცვის უწყების პროგნოზით, ვაქცინის მიმოქცევაში კვლავ ჩაშვებას კვირები, და არა თვეები, დასჭირდება.

ტექნოლოგიური აქციები და 2020 წლის ,,დარჩი სახლშის’’ ფავორიტები, მათ შორის Zoom (ZM), Tesla (TSLA) და Etsy (ETSY), ახალი ამბების გამო რბოლაში ჩაებნენ, რითაც Nasdaq კი 1%-ით დააწინაურეს,  S&P 500-ს მორიგი რეკორდი გადააწერინეს. Nasdaq აპრილის თვეში ჯერჯერობით შთამბეჭდავად გამოიყურება, რადგან ინვესტორები მეგაკაპიტალური ტექნოლოგიის, ინტერნეტისა და სამომხმარებლო-დისკრეციულ აქციებს კვლავ დაუბრუნდნენ, რომლებიც გასულ წელს ასე პოპულარული იყო.

Bitcoin-მა ახალ ისტორიულ ნიშნულს - $63,000-ს მიაღწია, ვინაიდან ინვესტორებსა და ჰოდლერებს Coinbase-ის, კრიპტოვალუტის ყველაზე მსხვილი ბირჟის, 14 აპრილს ჩანიშნული პირდაპირი ლისტინგის მოლოდინში ,,სულები კბილებით უჭირავთ’’. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ლისტინგი და ბიტკოინის ფასი პირდაპირ ერთმანეთს არ უკავშირდება, კრიპტოაქტივების ნებისმიერი ახალი ექსპოზიცია აქტიური ინვესტორების ფართო სპექტრის მიერ აღიქმება, როგორც ოპტიმისტური ნიუსი.

აშშ-ს სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) მარტის თვეში,საკვებისა და ბენზინის გაძვირების ფონზე, 0,6%-ით გაიზარდა. შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ეს ყველაზე მკვეთრი ზრდაა 2012 წლის აგვისტოს შემდეგ. წლიურად, მარტიდან მარტამდე, ფასებმა 2,6%-ით მოიმატა. ბევრია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 1 წლის წინ, პანდემიის დაწყებისას ისინი დიდ წნეხს განიცდიდნენ. მწარმოებლური ფასები ასევე იზრდება. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაძვირების ტენდენციას ჰყვება.


გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
●    აშშ-ს ჯანდაცვის რეგულირების ორგანოებმა Johnson & Johnson-ის ერთჯერადი კოვიდ-ვაქცინის გამოყენების დაპაუზება მოითხოვეს მას შემდეგ, რაც 6 აცრილს იშვიათი და მწვავე ფორმის თრომბი დაუდგინდა. ამ დროისთვის ამ ვაქცინის თითქმის 7 მლნ დოზაა გაცემული. სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, ასეთი არასასურველი მოვლენა ,,უკიდურესად იშვიათია’’, რეკომენდაცია კი ,,მომეტებული სიფრთხილით’’ არის განპირობებული. ამჟამად ამ ქეისებს CDC და FDA იკვლევენ და მის დასრულებამდე Johnson & Johnson-ის ვაქცინით იმუნიზაციის გაჩერების რეკომენდაციას გასცემენ.
●    ბრიტანეთის ეკონომიკა იანვრის 2,2%-იანი ვარდნის შემდეგ თებერვალში 0,4%-ით გაიზარდა. აჩვენა მთავრობის მიერ დღეს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა. მშპ წლიურად კვლავ 7,8%-ითაა შემცირებული. მომსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი 0,2%-ით გაიზარდა, რადგან საბითუმო და საცალო ვაჭრობამ ოდნავ იმატა. შემსუბუქებული შეზღუდვების შების გამო, 12 აპრილს პირველად გაიხსნა მეორეული მაღაზიები.
●    Bloomberg-ის თანახმად, Apple სახლის პირობებში გამოსადეგ ,,ჭკვიან’’ პროდუქტზე მუშაობს, რომელიც მის ,,Apple TV’’ ტიპის ტელევიზორსა და ,,HomePod’’ სპიკერსა და კამერას გააერთიანებს. მისი საშუალებით ტელევიზორიდან ვიდეოკონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდება. ზოგიერთი ცნობით, ტექნოლოგიური გიგანტი ასევე სენსორული ეკრანის მქონე 1-ლი კლასის სპიკერის გამოშვებას გეგმავს, რათა ბაზრის ლიდერებს, Google-სა და Amazon-ს მეტი კონკურენცია გაუწიოს.
●    Gartner-ის ცნობით, პერსონალური კომპიუტერის გლობალური გადაზიდვები 2021 წლის 1-ლ კვარტალში წლიურად 32%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე სწრაფი ტემპია. ზრდა გასაგებია, როდესაც შესადარებლად 2020 წლის 1-ლ ნახევარში, პანდემიის გარიჟრაჟზე ატეხილ ქაოსს ვიღებთ, თუმცა, მკვლევრები ასევე ნახევარგამტარული ჩიპების დეფიციტსაც განიხილავენ, რაც გავლენას ახდენს მიწოდების ჯაჭვსა და ტვირთის გადატანის ხანგრძლივობაზე.
●    აშშ-ს მთავრობის საბიუჯეტო გარღვევა 2021 ფისკალური წლის 1-ლ ნახევარში $1,7 ტრლნ-ს გადასცდა. 2020 წელს, ამ დროისთვის იგი $743 მლრდ-ს შეადგენდა. მხოლოდ მარტის თვეში დეფიციტი კიდევ $660 მლრდ-ით გაბევრდა, როდესაც ,,სტიმულირების ჩეკის’’ მეორე რაუნდი დასრულდა. თვის დანახარჯი - $927 მლრდ - 2020 წლის ივნისისა და აპრილის მერე სიდიდით მესამე გამოდგა.
Grab-ის გზა SPAC-ზე გადის

გსმენიათ მობილურ აპლიკაცია Grab-ის შესახებ? სავარაუდოდ, არა, თუმცა ის ძალზე ცნობადი სახელწოდებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. Grab რეგიონში ყველაზე დიდი გადამყვან და სურსათის მიწოდების სერვისს წარმოადგენს. სწორედ ამ კომპანიამ ახლახან გამოაცხადა, რომ Menlo Park SPAC Altimeter Growth-სთან კორპორაციულ შერწყმას გეგმავს, რათა აშშ-ს საფონდო ბაზარზე საჯაროდ წარდგეს.

იგი Uber-ის სამხრეთაზიური ანალოგია. ამ უკანასკნელმა ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს ,,კაპიტულაცია გამოაცხადა’’, გაყიდა რა თავისი ბიზნესი და Grab-ს 27,5%-ით შემოეწილა. გარდა ამისა, მან სტარტაპის ბორდში, რომელსაც დარა ხოსროშაჰი მეთაურობს, 1 ადგილი მოიპოვა.

ყველა დროის უდიდესი SPAC
ფირმა, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს, გარიგების თანახმად $39,6 მლრდ-ად შეფასდება, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ SPAC-ად (საგანგებო მიზნით შესყიდვის კომპანია - რედ.) აქცევს. ,,გაერთიანებული კორპორაციის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა Nasdaq-ზე GRAB-ის ტიკერის ქვეშ უახლოეს თვეებში დაიწყება,’’ - ნათქვამია პრეს-რელიზში. ასევე მოსალოდნელია, რომ ამით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კომპანია ასეთი დიდი ამერიკული კაპიტალის - $4,5 მლრდ - შეთავაზებას პირველად მიიღებს. აქედან $4 მლრდ-ზე მეტი PIPE-ს (კერძო ინვესტიცია საჯარო კაპიტალში - რედ.) ეკუთვნის ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიცაა Janus Henderson, Temasek და Fidelity International. უფრო ადრინდელ ინვესტორებში შედიან SoftBank და ჩინეთის სატრანსპორტო კომპანია Didi Chuxing.

,,სუპერაპლიკაცია’’
ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის ორი კურსდამთავრებულის მიერ თითქმის ათწლეულის წინ დაარსებული Grab ამჟამად მუშაობს რვა ქვეყნის 500-მდე ქალაქში ოპერირებს (სინგაპური, კამბოჯა, ინდონეზია, მალაიზია, მიანმა, ფილიპინები, ტაილანდი და ვიეტნამი). ,,ჩილის კიბორჩხალის’’ (პოპულარული სინგაპურული კერძი - რედ.) შეკვეთის გამოძახებით მიწოდებისა და ტაქსის სერვისის გარდა, იგი სხვა სერვისების დიდ ჩამონათვალს მოიცავს, მათ შორის, ციფრულ გადასახადებსა და ფინანსურ პროდუქტებს. ვებ-საიტზე მცირეხნიანი ვიზიტი მათი დივერსიფიკაციის სტრატეგიაზე კარგი დაკვირვების საშუალებას იძლევა. ,,Grab’’-ის პრეფიქსი უამრავჯერ არის გამოყენებული, მათ შორის GrabFood-ში, GrabMart-ში, GrabExpress-სა და GrabPay-ში. ასე რომ, იგი გარკვეუწილად Uber-საც აღემატება. ის ერთგვარი ,,სუპერაპლიკაციაა’’. ვინაიდან ამ ქვეყნებში ინტერნეტის მოხმარების დონე ჯერ კიდევ დაბალია, კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ნიშური ბაზარი $52 მლრდ-დან (2020 წელი) 2025 წლისთვის $180 მლრდ-მდე გაიზრდება.

,,Grab-ის გადაწყვეტილება საჯარო კომპანიად გახდომის შესახებ ძლიერმა ფინანსურმა ციფრებმა განაპირობა, რომლებიც 2020 წელს, Covid-19-ის პანდემიის მიუხედავად დაფიქსირდა”, - ნათქვამია პრეს-რელიზში. საქონლის მთლიანი ღირებულება (GMV) 2020 წელს 12,5 მლრდ-ით განისაზღვრა, რაც პრე-პანდემიურ მაჩვენებელს აღემატება, 2018 წლის დონესთან შედარებით კი გაორმაგებულია. ამჟამად ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერია რიგ კატეგორიებში, მაგ. ტაქსის მომსახურებაში მას მთლიანი რეგიონული GMV-ს 72% უკავია, საკვების ონლაინ-მიწოდებაში - 50% ციფრულ გადახდებში კი - 23%.

საჯარო გასვლის კიდევ ერთი სტიმულად შესაძლოა ინდონეზიურ კონკურენტ Gojek-თან შერწყმის შესახებ ჩაშლილი მოლაპარაკებები მივიჩნიოთ. ბოლოდროინდელი ჩაშლა. ამჟამად Gojek ჯაკარტაში განთავსებულ ინტერნეტ-გიგანტ Tokopedia-სთან გარიგებაზე მუშაობს.

აქვე, მცირე SPAC-სტატისტიკა: SPACInsider-ის გამოთვლით, წელს ჯამში 306 SPAC IPO-ს მეშვეობით $99 მლრდ შეგროვდა. ორივე რიცხვმა 2020 წლის მაჩვენებლებს უკვე გადააჭარბა. IPO-ს საშუალო მოცულობა წელს $323,6 მლნ-ს შეადგენს.
$227,34 მლრდ
ეს ჩინეთის თვიური იმპორტის ახალი რეკორდია, რომელიც მარტში დამყარდა. ერთი წლის თავზე, მისი ნამატი 38,1%-ს შეადგენს, რაც 2017 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური ზრდაა, რითაც მან გააცამტვერა ანალიტიკოსთა 23,3%-იანი მოლოდინები. ამრიგად, ჩინეთის იმპორტი ზედიზედ მეექვსე თვეა, რაც მატულობს. ამავდროულად, ძლიერი რჩება ექსპორტი, თუმცა მისი ზრდა პროგნოზისეულ ციფრს ჩამორჩა და 30,6% შეადგინა.

უცხოურ საქონელზე მოთხოვნის ამგვარი დინამიკა აჩვენებს, რომ აზიის ეკონომიკაში შიდა აღდგენა დამაჯერებელი ტემპებით მიმდინარეობს, თუმცა ამაში გარკვეულწილად თავისი როლი ნედლეულის მაღალმა ფასებმაც ითამაშა. ხორცის იმპორტი თვიდან თვემდე 44%-ით გაიზარდა და 1 მლნ ტონას აღემატება. ამით ყოველთვიური მაჩვენებლის ახალი რეკორდი დამყარდა მას შემდეგ, როდესაც რიგ პროვინციებში დახლებს აფრიკული ღორის გრიპის ეპიდემიამ შეუტია. FAO-ს ხორცის ფასების ინდექსის თანახმად, გლობალურმა ფასმა მარტში, ზედიზედ მეექვსე თვეს მოიმატა. ფრინველისა და ღორის ხორცპროდუქტების კოტირებები გაიზარდა, რაც აზიის ქვეყნებში, უფრო მეტად კი ჩინეთში, იმპორტული დინამიკის დამსახურებაა.

ეს უკანასკნელი ასევე ჩინეთის სავაჭრო პროფიციტზე აისახა, რომელიც $37,88 მლრდ-დან (თებერვალი) $13,8 მლრდ-მდე, წლიურად კი $6,2 მლრდ-ით შემცირდა. Covid-19-ის პანდემიის აფეთქების შემდეგ ასეთი მცირე მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. აღმოჩნდა, რომ ეკონომისტები საშინლად შეცდნენ, როდესაც გასულ თვეში ჩინეთის სავაჭრო სალდოს $52,05 მლრდ-მდე მატებას წინასწარმეტყველებდნენ. აშშ-ს შემთხვევაში, პროფიციტი ასევე დაეცა, $23,01 მლრდ-დან (თებერვალი) $21,37 მლრდ-მდე.