"იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ"
"იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ"

A+ A-

22:37 14/04/2021

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ, "ამერიკის ხმა“ ამერიკის დიპლიმატიური უწყების განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეერთებული შტატების პოლიტიკას აცხადებს.

დეპარტამენტის ერთ-ერთი უფროსი პრეს-სპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინ წასვლის საშუალება მიეცეს“.

დეპარტამენტი იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტრესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.