აქციის მონაწილეებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გზა გადაკეტეს
აქციის მონაწილეებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გზა გადაკეტეს

A+ A-

16:20 16/04/2021

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გზა გადაკეტილია. ადგილზე გუმათში მომხდარ ინციდენტის საქმეზე დაკავებული 6 პირის - მათ შორის სპორტსმენი ძმები წულუკიძეებისა და ძმები ჭელიძეების ახლობლები არიან შეკრებილები.

ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული პირები ხელისუფლებამ იმიტომ დააკავა, რომ ისინი 15 მაისს დაანონსებული აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული.

დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ვიდრე ამ ადამიანებს არ გაათავისუფლებენ, აქციები გაგრძელდება და გზა არ გაიხსნება. პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა კი მათ გზის გთავისუფლებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განუცხადა, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას გამოიყენებს, რასაც ხმაური მოჰყვა.

"თქვენს ხელმძღვანელობას არ ურჩევნია, რომ საოკუპაციო ხაზთან მიგიყვანონ და დაგაყენონ? აქ რას იცავთ? ყოველდღე კრიმინალი მატულობს და ამდენ პოლიციელს აქ რა გინდათ?"-მიმართეს პოლიციელებს აქციის მონაწილეებმა.

6-ვე პირს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარედგინა. საქმის მასალები ადვოკატების ნაწილს უკვე გადაეცა, მეორე ნაწილი კი სამხარეოს შენობაში ამ წუთებში იმყოფება. დაკავებულები, ცოტა ხნის წინ, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა 6 ადამიანი რიონის ხეობაში, 13 აპრილს, პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ დააკავა.