გელათში მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა
გელათში მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა

A+ A-

16:39 19/05/2021

გელათის მონასტერში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა და უნიკალური მხატვრობის მთლიანობა დაირღვა.

ფაქტიდან რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა შესაბამისი უწყების წარმომადგნელები ტაძარში ჯერ არ გამოჩენილან. ამდენად, უცნობია რა მასშტაბის ზარალი და ზიანი მიადგა მონასტერს.

ფაქტს ეხმაურებიან მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სააგენტოს მხრიდან მომხდარის იგნორირებას, ინსტიტუციურ ვანდალიზმს უწოდებენ. ისინი უკვე თვეებია, საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.

"ის დაზიანებები, რომლებიც ჩვენ გუშინ შევამჩნიეთ, დასავლეთის მკლავის დაზიანებებია. ჩამოყრილია იატაკზე ორიგინალური ფრესკის დეტალები. ეს მე-16 საუკუნის მხატვრობაა, თუმცა გელათში მთლიანად, ინტერიერში საფრთხე აქვს ნებისმიერ სცენას, ნებისმიერ მხატვრობას, ნებისმიერი პერიოდისას. პრობლემას აქ ის ართულებს, რომ ახლა უკვე დგინდება, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა, კონტრპროდუქტიულ შედეგს იძლევა. ტენიანობა გაზრილია და ჩვენ ვამჩნევთ ყოველდღიურ დაზიანებებს იქ, სადაც ადრე არ შეიმჩნეოდა. შედეგად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მყის რეაგირებებზე და ამ დროს კი სახელმწიფო რას აკეთებს? ეძებს პროფესიონალებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც აქამდე, წლების წინ უნდა მოეძებნათ, რომ გელათში ეს შედეგი არ დამდგარიყო"-აცხადებს ა/ო "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ დაიწყო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ტაძარში წყალი ჩაედინებოდა და მონასტერი დროებითი, თუნუქის ფირფიტებით გადაიხურა. გელათი კვლავ საფრთხეშია.