"დაიარეთ "ჩემს დროს" გაკეთებული შენობები და ეგებ სადმე ხვრელი მოძებნოთ სახურავში, სადაც წყალი ჩამოდის"
"დაიარეთ "ჩემს დროს" გაკეთებული შენობები და ეგებ სადმე ხვრელი მოძებნოთ სახურავში, სადაც წყალი ჩამოდის"

A+ A-

15:31 20/05/2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, თუ რა გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" და რა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში გელათში.

"ძალიან არ მინდოდა გელათზე მსჯელობა “შენს დროს“, "ჩემს დროს“ გარჩევამდე დამეყვანა. საპასუხოდ კი სულ ისმის 2008 წელი, "იმ დროს დაწყებული დანაშაულებრივი ექსპერიმენტების“ შესახებ.

"მაშინ დაწყებულის“ თაობაზე სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ ბევრს აღარ გავგრძელებ და მარტივად განვმარტავ, ისედაც ამღვრეულ წყალს აღარ ავამღვრევ, მხოლოდ სიცხადის შემოტანის მიზნით ვიტყვი:

დიახ, გელათის პროექტი 2008 წელს დავიწყეთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო რამ იყო.  

დიახ, "მაშინ“ გაკეთდა გელათის აკადემია, რომელიც მაღალხარისხოვანია და დღემდე დამატებითი "ჟეშტებით დალატკვა“ არ დასჭირვებია.

დიახ, მაშინ გაკეთდა გელათის კომპლექსში შემავალი გაბრიელ ქიქოძის შენობების რესტავრაცია და მას შემდეგ მათაც დამატებითი გადახურვები არ დასჭირვებია.

დიახ, მაშინ გაკეთდა კომპლექსში შემავალი აღმოსავლეთი კარიბჭის რესტავრაცია და მას შემდეგ მასაც დამატებითი სახურავები არ დასჭირვებია.

დიახ, მაშინ გაკეთდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კრამიტით გადახურვა და მასაც არც კრამიტის გამოცვლა და არც დამატებითი თუნუქი არ დასჭირვებია.

დიახ, მაშინ გავაკეთეთ წყაროს ნაგებობის გუმბათის კრამიტი და გადახურვა და მასაც დღემდე არ დასჭირვებია შეცვლა ან დამატებითი ფენილების მოწყობა.

დიახ, მაშინ გავაკეთეთ დავით აღმაშენებლის საფლავსა ზედა კარიბჭე და მასაც არც სახურავის გამოცვლა დასჭირვებია და არც დამატებითი   ფენილები.

დიახ, მაშინ გავაკეთეთ წმ. გიორგის ეკლესიის ფრესკების რესტავრაცია, რომელიც "თქვენს დროს“ ზიანდება და ცვივა.

დიახ, მაშინ დავიწყეთ ქვის კონსერვაციის პროექტი გელათში, რომელში ჩადებული შრომაც ბოლო წლების ფასადების რეცხვის  გამო დიდწილად წყალში გადაყრილია.
 
ამის შემდეგ:

2014-ში განაახლეთ პროექტი და ახალი ხელისუფლების დროს  "გაკეთდა“: დიახ,  "ახალ დროს“  გაკეთებული წმ. გიორგის ტაძრის კრამიტი და გადახურვა დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.

დიახ, "ახალ დროს“ გაკეთებული მთავარი ტაძრის გადახურვებიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.

ამ პოსტის მერე დაიარეთ "ჩემს დროს" გაკეთებული შენობები და ეგებ სადმე ხვრელი მოძებნოთ სახურავში, სადაც წყალი ჩამოდის და თქვენ არ შეგიკეთებიათ. აღარ გავაგრძელებ. მადლობა ყურადღებისათვის"- წერს ვაჩეიშვილი.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გელათში პრობლემები "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაიწყო და ახლა მმართველი ძალა სწორედ ამ პრობლემების გამოსწორებას ცდილობს.