"ამ ზიანის ნაწილი, როგორც ფრესკის სპეციალისტებმა გვითხრეს, შეიძლება, იყოს შეუქცევადი"
"ამ ზიანის ნაწილი, როგორც ფრესკის სპეციალისტებმა გვითხრეს, შეიძლება, იყოს შეუქცევადი"

A+ A-

13:20 28/05/2021

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში ფრესკების განადგურებას ეხმაურება.

როგორც წულუკიანმა განაცხადა,  სპეციალისტებთან კონსენსუსს მიაღწიეს კედლის მხატვრობის აღდგენასა და კონსერვაციასთან დაკავშირებით.

"ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008-2020 წლის ჩათვლით რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას; როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მასშტაბურსაც, თუმცა დეტალებს არ ვიცნობ.

ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა, მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკის და კედლის მხატვრობის აღდგენის და კონსერვაციის სპეციალისტებთან, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსერვაცია. ასევე, დასანანია, მაგრამ ეს რეალობაა, თავად სპეციალისტებმა ამ სხდომაზე გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი, მაგრამ იქ, სადაც ზიანი არ არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ საკონსერვაციო საქმიანობა და ამაზე მიღწეულია შეთანხმება, რაც გაძლიერებული იყო, რადგან, რამდენი პროფესიონალიც არსებობს, იმდენი კვალიფიციური აზრია, ამ აზრებს შორის არ იყო თანხვედრა და ჩვენმა სამინისტრომ შევძელით, რომ სამი დღის წინ სპეციალისტები შევკრიბეთ კიდევ ერთხელ, მორიგჯერ და მათ შორის გავაადვილეთ შეთანხმების მიღწევა.

შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა ზიანიც დადგა, ამ ზიანის ნაწილი, როგორც ფრესკის სპეციალისტებმა გვითხრეს, შეიძლება, იყოს შეუქცევადი, სადაც ჯერ კიდევ გამოსწორება შესაძლებელია, ამისათვის ჩვენ, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ვდგამთ ნაბიჯებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.