"ტორპედოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ივან ბობკომ უჩივლა
"ტორპედოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ივან ბობკომ უჩივლა

A+ A-

18:03 01/06/2021

ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, უკრაინელმა ივან ბობკომ უჩივლა. მას შემდეგ, რაც ვერც ფეხბურთელმა და ვერც მისმა უფლებადამცველმა პირადი მოლაპარაკებების გზებით "ტოპრედოსთან" საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს, იძულებულები გახდნენ "FIFA"-ს შესაბამისი სადისციპლინო კომიტეტისთვის მიემართათ.

"კლუბთან მივედი. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დიდი თანხის პატიებაც მინდოდა, მაგრამ კლუბთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ადვოკატის ჩართვა აუცილებელი გახდა. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მიყვარს "ტორპედო", მისი სამწვრთნელო შტაბი და განსაკუთრებით სუპერ გულშემატკივარი, მაგრამ მე არსებობა მინდოდა, ქუთაისში ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ვიყავი.

ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვუთხარი, ნახევარი თანხის მიღებითაც საქმე დასრულდებოდა. არ მინდოდა კონფლიქტი და საქმის "ფიფამდე" მიყვანა, მაგრამ სამაგიეროდ ზღაპრებს მიყვებოდნენ და უბრალოდ მივხვდი, რომ სხვა გზა დარჩენილი აღარ იყო. როგორც ვიცი, ჩემ გარდა კიდევ ერთი ლეგიონელი, მარკოვიჩი მიმართავს უმაღლეს ინსტანციას", - განაცხადა ივან ბობკომ "მთავართან" ინტერვიუში.

ივან ბობკოს ადვოკატი აცხადებს, რომ ფეხბურთელმა სასამართლო დავა მოიგო და ახლა ქუთაისის "ტორპედოს" მისთვის თანხა აქვს გადასახდელი.

"მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობაა სამართლებრივი გზებით სიარული, ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბს არაერთხელ შევთავაზეთ დავალიანება, ან მისი ნახევარი მაინც დაეფარა, თუმცა შედეგად მივიღეთ უარი, მეტიც, ბოლოს მუქარებიც, რომ ამ საქმეს ჩვენ ვერ მოვიგებდით და ძალიან დავზარალდებოდით.

როდესაც "ფიფას" მივმართეთ, მანაც კლუბს დრო მისცა საქმეში გარკვეულიყო და კონტრაქტის დეტალები შეესრულებინა, თუმცა "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მათი მოთხოვნაც უგულვებელყო. ბუნებრივია, ეს საქმე ჩვენ მოვიგეთ და ახლა "ტორპედოს" ივანის სანაცვლოდ თანხა აქვს გადასახდელი. თავად განსაჯეთ მიდგომა, უცხოელი ფეხბურთელი ქვეყანაში ცოლთან ერთად დატოვეს უფულოდ, ბინის ქირის და ლუკმაპურის გარეშე. არ ვიცი, საერთოდ რაში სჭირდებათ ლეგიონერები. კლუბის ხელმძღვანელობა ჩვენთან საუბარში შექმნილ ვითარებას კორონაპანდემიასა და ქვეყანაში შექმნილ მძიმე ფინანსურ კრიზის აბრალებდა"-აცხადებს ადვოკატი სერგეი კორობკო.

ქუთაისის "ტორპედოში" ისევ ფინანსური პრობლემებია. კლუბი ინვესტორისთვის ოფიციალურად არ არის გადაცემული და კვლავ მერიის ბალანსზეა.