"მიწოლა ბოლომდე!.. ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო"
"მიწოლა ბოლომდე!.. ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო"

A+ A-

18:18 29/06/2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მალე საკუთარ თოქ შოუს წაიყვანს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ არხზე გავა - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, თოქ შოუს ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ქართულ საზოგადოებასთან.

სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოდან ოდესაში ასობით ქართველი ახალგაზრდის ჩამოყვანას და მათთვის ინოვაციური იდეების გაცნობას.

"ჯერ ერთი, მე ვაპირებ იმას, რასაც ვაპირებ, უახლოეს თვეებში.. ყველა დაინახავს შემოდგომაზე, ივანიშვილს უფრო უყვარს საქართველო, თუ მე. ყველა საბოლოოდ დარწმუნდება ამაში, მაგრამ მე ამისთვის არ ვაკეთებ.. ეს ჩემი ქვეყანაა!.. და მეორე, მე აქ ვაპირებ, უახლოეს კვირებში, საქართველოს საზოგადოებასთან შეხვედრების პირდაპირ ტრანსლირებას, პირდაპირ თოქ-შოუს ვიწყებ ერთ-ერთ არხზე. ასევე, ვაპირებ, რომ რამდენიმე კვირაში ჩამოვიყვანო კონკურსით შერჩეული რამდენიმე ასეული ახალგაზრდა და გავმართო ინოვაციის კონგრესი ოდესაში საქართველოს მომავალზე. მომავლის კონგრესი - ახალი იდეებით, ახალი ენერგიით, დრაივით..

საერთოდ არ მაინტერესებს ბევრი პოლიტიკოსის ერთმანეთში საქმეების გარჩევა. საქართველოში არიან ძალიან მაგარი ახალგაზრდები, მე ბევრ მათგანთან მაქვს კონტაქტი, ასევე ბევრ ახალს გავიცნობ უახლოეს მომავალში. ვაკეთებთ ძალიან ფართო აქტიურობას ვაიბერზე, ტელეგრამის პლატფორმაზე, ტიკ-ტოკზე, ინსტაგრამზე, ფეისბუკზე. მიწოლა ბოლომდე!.. ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო. ვისაც ჰგონია, რომ უნდა შეეგუოს არსებულ რეალობას და სურს შეგუება - შეეგუოს! და ვისაც არ უნდა შეგუება, გაგვატარონ ჩვენ - ეს ახალგაზრდები და ის ხალხი, ვინებიც ძველი მებრძოლები არიან და ხელები არ ჩამოუშვიათ. ვისაც უყვარს საქართველო სიცოცხლეზე მეტად..მე მიყვარს საქართველო სიცოცხლეზე მეტად, ამიტომ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე!"-წერს სააკაშვილი.