ავთანდილ გიორგაძე - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზულ გამოწვევად რჩება სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება
ავთანდილ გიორგაძე - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზულ გამოწვევად რჩება სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება

A+ A-

14:28 20/07/2021

საადვოკატო ბიურო "Nemsitsveridze, Mamulashvili & Partners"-ის ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე 2020News-თან ინტერვიუში ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე საუბრობს.

- რაში გამოიხატება ოჯახური დანაშაული და ვინ ითვლება ამ კატეგორიის დანაშაულის მიზნებისათვის ოჯახის წევრად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვის მიმართ ჩადენილი დანაშაული ითვლება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულად?

- ოჯახში ძალადობის დანაშაული  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა 2012 წელს, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევას, უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით და იძულებით.

სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წლამდე ცალკე დანაშაულად არ იყო გამოყოფილი ოჯახური ძალადობის დანაშაული და ისჯებოდა როგორც ჩვეულებრივი დანაშაული.  2012 წლიდან სხვა ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ წარმოადგენს კვალიფიკაციის დამამძიმებელ გარემოებას და გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი.

ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

- როგორი მიდგომა აქვს სახელმწიფოს ამ კატეგორიის დანაშაულის მიმართ, იგულისხმება როგორც სამართალდამცავ ორგანოებს ისე სასამართლოს?

- ოჯახური დანაშაულის საქართველოს კანონმდებლობაში შემოტანიდან საგამოძიებო ორგანოებმა შეიძლება ითქვას გადაჭარბებული და გადამეტებული ყურადღებით დაიწყეს სადამსჯელო პოლიტიკის გატარება, რამაც საფრთხე შეუქმნა სამართლიან სასამართლოს და მართმლსაჯულების ჯეროვან განხორციელებას, რიგ შემთხვევებში სამართლის აღსრულებამ მიიღო დამახინჯებული ფორმა და დაიკარგა მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რაც პირის მსჯავრდებას სჭირდება, რაზეც მეტყველებს საქართველოში ოჯახურ დანაშაულებზე გამამტყუნებელი განაჩენთა დიდი რაოდენობა.

- შესაძლოა, თუმცა ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მიუხედავად ასეთი მკაცრი მიდგომისა, რაც შესაძლოა, ხშირ შემთვევებში არ პასუხობს სრულად კანონის მოთხოვნებს,  ოჯახური ძალადობა ძალიან სერიოზულ გამოწვევად რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის. როგორ ფიქრობთ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ისე, რომ არ გასცდეს კანონიერების ჩარჩოებს?

- მართალია, რომ ოჯახში ძალადობა და ზოგადად ნებისმიერი სახის ძალადობა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტი არ უნდა შეეწიროს სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკას. პრაქტიკაში არის საკმაოდ ხშირი შემთხვევები,  როდესაც ოჯახური დანაშაულისათვის ბრალდებული პირი მსჯავრდებულ იქნა რამდენიმე წლის უკან ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ან მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემის გარეშე ხდება.

ერთ-ერთი ოჯახში ძალადობის საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, რ.მ. 2002 წლიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ლ.ბ.-სთან. 2018 წლის 5 აპრილს რ.მ-მ თმა მოქაჩა, სახლიდან გააგდო ლ.ბ..  ლ.ბ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. რ.მ.-ს მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც უბნის ინსპექტორ გამომძიებლის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის 2 თანამშრომლის ჩვენებას დაეყდნო, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი არ შესწრებია რ.მ-ს მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტს და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია იყო ირიბი ჩვენება.  ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე პირის მსჯავრდების დაუშვებლობის შესახებ ასევე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ევროსასამართლოსაც.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის შესამცირებლად, ეს ძალიან რთული და მოცულობითი საკითხია, თუმცა, ამასთანავე ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული მიდგომა შედეგს არ იძლევა. მიმაჩნია, რომ  ჩვენ იმ განვითარებული ქვეყნების მაგალითს უნდა მივმართოთ, რომლებიც აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლას ჩვენზე ბევრად ადრე შეუდგნენ და უკვე გარკვეული პოზიტიური შედეგები აქვთ. ვთვლი, რომ ამ კატეგორიის დანაშაულის გამომწვევი (და არამარტო ამ კატეგორიის) ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების დიდი ნაწილის დაბალ სამართლებრივ კულტურაშია, რაც სხვისი უფლების დაუფასებლობაში გამოიხატება, უპირველესყოვლისა სწორედ ამ მიმართულებით აქვს სახელმწიფოს დიდი სამუშაო ჩასატარებელი.

- გასაგებია, რომ მსხვერპლის ინტერესებს ამ კატეგორიის საქმეებში სახელმწიფო იცავს ძალზედ აქტიურად, როგორ უნდა დაიცვას თავის იმ სავარაუდო მოძალადემ, რომელსაც მიაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ის უდანაშაულოა?

- ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ პირს სახელმწიფო არ ანიჭებს სავალდებულო დაცვის უფლებას. ძალიან ბევრ შემთხვევაში აღნიშული პირები არ თვლიან საჭიროდ და ვერ ახერხებენ, ან მარტივად უყურებენ წაყენებულ ბრალს და არ სარგებლობენ კვალიფიციური იურიდიული დახმარებით, რასაც მოაქვს გამოუსწორებელი შედეგები და ირღვევა მათი დაცვის უფლება, ვერ ახორციელებენ სათანადო დაცვას და მათ მიმართ დგება დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენი. დაზარალებულის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება არ ხდება, რიგ შემთხვევებში არ ტარდება შესაბასმისი ექსპერტიზა, დაზარალებულის ჩვენების უპირობო გაზიარების გზით ირღვევა სისხლის სამართლის საქმის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადო გამოძიების ვალდებულება.

მისასალმებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ სერიოზულ გამოწვევად რჩება ამ ბრძოლაში ბრალდებულის უფლებების სათანადო დაცვა და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვას ახლავს.