პარლამენტში, 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების კორექტირებულ პროექტზე საკომიტეტო განხილვები დასრულდა
პარლამენტში, 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების კორექტირებულ პროექტზე საკომიტეტო განხილვები დასრულდა

A+ A-

15:55 21/07/2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების კორექტირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს უცვლელი სახით დაუბრუნდა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ გადამუშავებულ ვერსიაში წარმოდგენილია მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციისას ტექსტურ ნაწილში განხორციელდა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3,4 პროცენტიდან 7,7 პროცენტამდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7, 6 დან 6,9 პროცენტამდე. სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით და მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ  114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19, 5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, 7, 7 პროცენტი,  დაადასტურა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პარლამენტს ქონდა ერთადერთი ძირითადი შენიშვნა, რომ თუ მოხდება  შემოსავლების დამატებითი მობილიზება,  აკუმულირებული თანხა მიემართოს დეფიციტის შესამცირებლად. მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო იზიარებს პარლამენტის წინადადებას.  „ეს არის ჩვენი მიდგომაც. იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმისტური სცენარი განვითარდა, ჩვენ სრულად მივმართავთ დამატებით რესურსებს დეფიციტის შესამცირებლად და იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება 6,5 პროცენტზე ჩამოვიდეთ დეფიციტის კუთხით“, განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია კიდევ ორი, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებულმა ჯანდაცვის ხარჯებისთვის 446 მილიონი იქნა დამატებული და ჯამში 846 მილიონი ლარი შეადგინა. დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის, რაც სრულყოფილად ფარავს ჩვენი მოსახლეობის 60 პროცენტიანი მოცვის ნიშნულს.

„კოვიდის მართვაზე გადის დღეს ეკონომიკური ზრდა და ჩვენი კეთილდღეობა. ახლა მნიშნელოვანია სწორად მოხდეს კოვიდის მართვა. თითოეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს შეუქცევადი“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად ხვალ, 22 ივლისს გავა.