ნიკოლოზ გამყრელიძე - ადამიანებს სახლში უნდა მივუტანოთ ვაქცინა
ნიკოლოზ გამყრელიძე - ადამიანებს სახლში უნდა მივუტანოთ ვაქცინა

A+ A-

22:21 21/07/2021

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, აცრის 60%-იან ნიშნულზე ვერ გავალთ, თუ საჭირო აქტივობები არ დაიგეგმა.

როგორც მან BM.GE-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია და ეს ლოგიკურიც არის, რადგან საჭიროა მეტი სტიმულები.

„თუ გვინდა, რომ ყველაფერი დამთავრდეს, არც 20 ათასი აცრა არ გვეყოფა დღეში. საჭიროა გაცილებით მაღალი ტემპი, რადგან აქ გადის ყველაზე ძვირფასი, ადამიანის სიცოცხლის ზღვარი, ამ ქვეყნის ეკონომიკის ზღვარი, აქ გადის ჩვენი შვილების მომავლის ზღვარი, ამიტომ ალბათ ყველა, ბიზნესი იქნება ეს, მთავრობა თუ მოქალაქეები, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ. როგორ ავცრათ უფრო მეტი ადამიანი.

თუ გვინდა, რომ გავიდეთ იმ ნიშნულზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, ამის გატარება არ მგონია მხოლოდ სამედიცინო სექტორის მეშვეობით საკმარისი იყოს. აშშ-ში მაგალითად პირდაპირ აფთიაქებში ხდება აცრა. ადამიანებს სახლში უნდა მივუტანოთ ვაქცინა.

ლოგიკურად დაბალი ტემპი გვაქვს, ამით მსოფლიოსგან არ განვსხვავდებით, მაგრამ იქ გაცილებით მეტი სტიმულებია. ვფიქრობ, იმ სტიმულირებით რაც ახლა გვაქვს, შეიძლება კიდევ 200 ათასი ადამიანი აიცრას, მაგრამ რაღაც ეტაპზე რომ მივალთ, ეს ტემპი ბუნებრივად შენელდება. უკვე უნდა მოვემზადოთ, რომ მოსახლეობას სტიმულები მივაწოდოთ, სხვა შემთხვევაში დაგეგმილ ნიშნულზე ვერ გავალთ. იმ 60%-იან ნიშნულზე ვერ გავალთ, თუ აქტივობები არ დაიგეგმა. შტატებში და ბრიტანეთში ლატარეებს ათამაშებენ, ეს შეიძლება ერთი მხრივ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ამან იმუშავა“, - განაცხადა გამყრელიძემ.