ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უკვე აღარანაირი პოლიტიკა არ აქვს და ის უბრალოდ დინებას მიჰყვება
ნიკოლოზ ვაშაკიძე -  საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უკვე აღარანაირი პოლიტიკა არ აქვს  და ის უბრალოდ დინებას მიჰყვება

A+ A-

10:43 08/08/2021

აგვისტოს ომის  დაწყებიდან მე- 13 წლისთავამდე  ორი  დღით ადრე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ  მნიშვნელოვან განცხადებას, რომ რუსეთი  საქართველოსთან  თანამშრომლობისთვის მზადაა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დიპლომატი, „ევროპელი დემოკრატების“   პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე  აფასებს.

"რუსეთი მიზანმიმართულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად დააკანონოს საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის და მისი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგები. აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება თავხედური და უპრეცედენტო ნაბიჯი იყო, თუმცა, მაშინ ამ ნაბიჯს საქართველომ რუსეთისთვის მოულოდნელი და ერთადერთი სწორი და გაბედული პასუხი გასცა - დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ასეთ, დაღვინებული დიპლომატიისთვის და ღირსეული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ პასუხს რუსეთი ჩვენი მხრიდან არ ელოდა და ეს მისთვის ძალიან უსიამოვნო იყო. დღევანდელ სიტუაციაში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ძალიან უშლის ხელს რუსეთს გააღრმავოს თავისი აგრესიის შედეგები და გავლენა რეგიონში. სწორედ ამიტომ ის მიზანმიმართულად ცდილობს ამ მდგომარეობის შეცვლას და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამჯერად მან მოახდინა ე.წ. "პატრიოტთა ალიანსის" ეგიდით პუტინის მისამართით შედგენილი წერილის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შესაბამისი განცხადების სინქრონიზება,  რათა შექმნას ილუზია, თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი მომწიფებულია.

ცხადია, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა აგვირგვინებდეს ამ პროცესს და არა  - პირიქით. რუსეთის ხელმძღვანელობა და მისი აგენტურა საქართველოში ცდილობს ეს ლოგიკური სქემა თავდაყირა დააყენოს. ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის ნგრევას ემსახურება.

ძალზედ მზაკვრული და სახიფათო მესიჯია ე.წ. „სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის“ და ქართველი ხალხის გამიჯვნის შესახებ. საქართველოში ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის თითქმის ათწლიანი პერიოდის „დანაშაულებრივი რეჟიმის“ ეპოქად გამოცხადება ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას და ამ,  ჩვენი სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი ნარატივის დანერგვაში მტერს ხელი არ უნდა შევუწყოთ. კი ბატონო - აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ წინა ხელისუფლება, ეს ნორმალური და ლეგიტიმური პრაქტიკაა, მაგრამ ქართველებმა თავად ვიძახოთ - ქვეყანას დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდაო - პოლიტიკურად დამღუპველია და ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოსთვის ტერიტორიების ჩამოჭრას  თავად აგრესორი სწორედ ამ ნარატივით ამართლებს.

- რუსეთის განცხადებას მკაცრი განცხადებებით გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენელობა საქართველოში, ამერიკის საელჩო,  მათ რუსეთს  საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა შეახსენეს.  არის კიდევ რესურსი საერთაშორისო  პარტნიორებისთვის  რუსული აგრესიის შესაჩერებლად?  

- საერთაშორისო პარტნიორებს უკვე გაკეთებული აქვთ მთავარი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მკაცრად არის დაგმობილი და გამოცხადებული არალეგიტიმურად. ამას  არაფერი შეცვლის და ეს არის სწორედ იმის წინაპირობა, რომ ეს ტერიტორიები აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს,  თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ რამე სისულელე არ ჩავიდინეთ.

- როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში ქართული ხელისუფლების პოლიტიკას რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით.
   
- თავისი მმართველობის დასაწყისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა, მართალია, მცდარი მაგრამ მაინც რაღაც პოლიტიკა - საერთაშორისო არენაზე რუსეთის მიმართ რიტორიკის სიმწვავის შესუსტების და არასტრატეგიულ საკითხებზე ორმხრივი დიალოგის ფორმატის დაწესების გზით თანდათან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიღწევა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტის დაწყება. მას შემდეგ რაც ამ პოლიტიკამ ცალსახა ფიასკო განიცადა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უკვე აღარანაირი პოლიტიკა არ აქვს  და ის უბრალოდ დინებას მიჰყვება.