"ვერ გამოსტაცეს ეს ბიჭი სიკვდილს, ვერ უწილადა მომაკვდავმა დედამ დარჩენილი ჰაერი"
"ვერ გამოსტაცეს ეს ბიჭი სიკვდილს, ვერ უწილადა მომაკვდავმა დედამ დარჩენილი ჰაერი"

A+ A-

23:52 10/09/2021

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის კოვიდინფიცირებული ფეხბურთელის შესახებ კლინიკის ერთ-ერთი ექიმის შვილი ქეთა ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დედაჩემი ექიმია, რესპუბლიკურში ყოველ დღე 20 კოვიდ პაციენტის სიცოცხლეს დარაჯობს. ბოლო ერთი თვეა ყოველ საღამოს ფეხზეძლივსმდგომი ყვება ჩემი ძმისხელა, 20 წლის ფეხბურთელი ბიჭის შესახებ, რომლის ანკეტის კითხვითაც იწყება დედაჩემის დილა საავადმყოფოს კედლებში.

რომელიც სპორტული სიჯიუტით ებრძვის სიკვდილს, მაგრამ რეანიმაციაში სხვა პაციენტებს ადგილს მაინც არ უთმობს, არ აძლევს ეს საშინელი დაავადება სუნთქვის უფლებას. მეორე განყოფილებიდან მომაკვდავი დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს, ალბათ ბოლო ამოსუნთქვას გადაულოცავდა ნებისმიერ წამს, რომ შეეძლოს.

მეძახის წეღან დედა და ცრემლები ასკდება თვალებში. ვერ გამოსტაცეს ეს ბიჭი სიკვდილს, ვერ უწილადა დედამ დარჩენილი ჰაერი, დილით დედაჩემი მის ანკეტას აღარ გაეცნობა. წავიდა. კიდევ ერთი ადამიანი გადაიქცა ციფრად.

მეორე განყოფილებიდან მომაკვდავი დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, შვილის ამბავს კითხულობს, ალბათ ბოლო ამოსუნთქვას გადაულოცავდა ნებისმიერ წამს, რომ შეეძლოს" - წერს ის.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ქართველი სპორტსმენი, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.