მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა

A+ A-

14:41 14/09/2021

94 წლის ასაკში მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა.

ლეილა ძიგრაშვილმა 1947 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

ლეილა ძიგრაშვილს შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის „პრინცესა ტურანდოტი“), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე“) და სხვა – მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; სამძივარა (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), დედამთილი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ენონა (ჟ. რასინის „ფედრა“) და სხვა – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

პარალელურად მონაწილეობდა სხვადასხვა ქართულ ფილმში, ასევე გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი.

2017 წლის 30 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ ლეილა ძიგრაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა, მანამდე კი თეატრის დიდ სცენაზე სახალხო არტისტის ბენეფისი გაიმართა.