"აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ"
"აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ"

A+ A-

22:05 14/01/2022

წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია მკურნალობის კურსს გადის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.  მომხდარის შესახებ ცოტნეს ძმა  კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ცოტნე გამსახურდიას კლინიკიდან გაყვანას ითხოვდნენ.

"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია, უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია, მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. "ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე", იყო მათი მოთხოვნა. "აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ. წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15-დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა.

სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.

ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება",- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

პოსტს გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვაჟი გიორგი გამსახურდია.

"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს ამ პოსტში. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს", - წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.