"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება"
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება"

A+ A-

10:38 23/04/2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება. თუ სხვებისათვის ეს ლამაზი რიტუალია, საქართველოს ეკლესიისათვის იგი ბუნების საწინააღმდეგო სასწაულია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

მაგალითად, სომხური ეკლესია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ ცერემონიაში, არ ეუბნება თავის მრევლს, რომ ცეცხლი თავისით ინთება. მასში მონაწილე სომეხი სასულიერე პირები ამბობენ, რომ ცეცხლი ინთება წინასწარ ანთებული ლამპადიდან. ბუნებრივი ცეცხლი მას შემდეგ ხდება “წმინდა ”, რაც პატრიარქი დალოცავს მას.

საქართველოში ამ მოვლენაზე გულახდილი საუბარიც კი მიუღებელია, “მკრეხელობაა”.

“რუსთავი 2” თავის სარეკლამო კლიპში გვამცნობს, რომ პირდაპირ რეპორტაჟს აპირებს ამ “სასწაულიდან” და ალბათ, როგორც მანამდე “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, მოჰყვება ათას ზღაპრებს და სრული სერიოზულობით დაიწყებს მტკიცებას, რომ რაც ხდება, ფიზიკურ კანონებს მიღმაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე “არც კი წვავს”. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყვარელი არგუმენტია რაღაცის დასამტკიცებლად.

ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, “მეცეცხლე მინისტრების”, ელჩებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების სახით და “სახელმწიფოს გვერდში დგომა”, ამ დღესასწაულის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ნაცადი ხერხია. როცა ეკლესია და მთავრობა შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ ადამიანების გონების რეცხვის პროცესში, ორივე მხარე ამით პოულობს თავ-თავიანთ სარგებელს.

სანამ ხელისუფლება (ოპოზიციაც) არ გაიაზრებს, რომ ეკლესიის იდეოლოოგის ტყვეობაში ყოფნა, ეკლესიისა და ხელისუფლების გაუმიჯნაობა ხელს უშლის ცივილიზებული საერო სახელმწიფოს შექმნას, შეუძლებელია ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს რომელიმე სფეროში.

მხოლოდ განათლება, მეცნიერული ცოდნა და თავისუფალი აზროვნება არის თანამედდოვე საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი, რომლისგანაც ჯერ კიდევ ასე შორსა ვართ“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.