გელათში კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოები გრძელდება
გელათში კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოები გრძელდება

A+ A-

14:36 18/07/2022

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება.

იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში იმყოფებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა მოცემული ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენას გადაარჩინა. მათ შორის  იყო მაცხოვრის სახეც. სასიხარულოა, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს.

"დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. თუმცა, გამომარილება გრძელდება. შესაბამისად გრძელდება სპეციალისტების მიერ 24 საათიან რეჟიმში  კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის  მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან, ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე  საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი  და ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში  არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში  კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი  სამოქმედო ნაბიჯები", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.