ლევან ბეჟაშვილი - დღეს ახალი ქიმერა შექმნეს, რომ ქართული საზოგადოება თურმე არის ქსენოფობი
ლევან ბეჟაშვილი - დღეს ახალი ქიმერა შექმნეს, რომ ქართული საზოგადოება თურმე არის ქსენოფობი

A+ A-

19:48 05/08/2022

საზოგადოების მკვეთრი მოთხოვნა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ამ მიმართებით და ეს არ არის ქსენოფობია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

"დღეს ახალი ქიმერა შექმნეს, რომ ქართული საზოგადოება თურმე არის ქსენოფობი და მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ბრალდებებს ვისმენთ, მაგრამ ქსენოფობიაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სტრატეგია რუსეთიდან ემიგრირებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით და იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, ამ უკონტროლო ემიგრაციას რომ შეიძლება მოყვეს. აქ საუბარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ფულად საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებებზე, ინფლაციაზე და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმაზე, რომ პრაქტიკულად საქართველო უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების ასპარეზი. ამიტომ არის ჩვენი საზოგადოების მკვეთრი მოთხოვნა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ამ მიმართებით და ეს არ არის ქსენოფობია.

ომში ჩართვის დაბრალება „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მთავარ ნაწილად იქნა ჩამოყალიბებული. ყველა ვხვდებით, რომ დღეს ომზე საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, სხვა საზოგადოების არცერთი წარმომადგენელი და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი ომზე არ საუბრობს, რადგან ამის რეალური საშიშროება და საფრთხეები არ არსებობს, თუ არა „ქართული ოცნების“ უგუნური პოლიტიკა, რომელსაც ის აწარმოებს ყველა მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო მიმართულებით, როდესაც ანტიდასავლურ კამპანიას აჩაღებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.