ნიკა მელია - ჩემი მხარდაჭერა ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს
ნიკა მელია - ჩემი მხარდაჭერა ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს

A+ A-

16:45 02/09/2022

თუ კარგად გავიაზრებთ, ტრაგიკული არც არაფერი მომხდარა - გუნდმა ერთი კრიტიკული ტელეარხიდან, მეორე, ასევე კრიტიკულ ტელეარხზე გადაინაცვლა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "ვანოს შოუს" "მთავარი არხიდან" "ტვ პირველზე" გადასვლას.

"რაც არ უნდა მტკინვეული იყოს ვანო ჯავახიშვილის და მისი გუნდის წასვლა გინდა მთავარი არხისთვის, რომელსაც წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ და გინდაც მისი ერთგული მაყურებლისთვის, ამ გუნდის ასე ერთი ხელის მოსმით გაწირვა, მოღალატედ გამოცხადება, სალანძღავი ეპითეტებით შემკობა და შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკვრა - რბილად რომ ვთქვათ გამაოგნებელია!

ნებისმიერი არხს, ბრენდს, კომპანიას ქმნიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ - ბრენდის იდეასა და იდენტობაზე. მათ მადლობას უნდა ვუხდიდეთ გაკეთებული საქმისათვის და წარმატებას ვუსურვებდეთ, როდესაც საქმიანობის ერთი თავი იხურება და ახალი იწყება.

არადა, თუ კარგად გავიაზრებთ, ტრაგიკული არც არაფერი მომხდარა - გუნდმა ერთი კრიტიკული ტელეარხიდან, მეორე, ასევე კრიტიკულ ტელეარხზე გადაინაცვლა.

ფიგურალურად, რომ ვთქვათ, ტელევარსკვლავმა კრიტიკული მედიის ცაზე უბრალოდ ადგილი შეიცვალა, მშრალად რომ ვთქვათ - პროფესიონალებმა სამსახური შეიცვალეს, მოქალაქეობრივი მრწამსის შეუცვლელად. სულ ესაა. ჩემი მხარდაჭერა ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს", - წერს ნიკა მელია.