"ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა "ქოცებმა"
"ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა "ქოცებმა"

A+ A-

16:20 05/09/2022

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.

როგორც გოგაშვილი წერს, მაშინ, როცა ბრიტანეთში რუსული დაზვერვის ყოფილი წარმომადგენლები, სკრიპალები ნოვიჩოკით მოწამლეს, საქართველომ, დასავლური თანამეგობრობის მსგავსად, ფორმალურად გადაწყვიტა, ქვეყნიდან გაეძევებინა დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე რუსი სპეცაგენტები.

გოგაშვილის თქმით, სიის შედგენა პირადად მას დაევალა.  

"გავაკეთეთ 10 კაციანი სია, (“ფსბ”, “გრუ” და “ევრ”) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი ვახტანგ გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თუმცა, სია შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში გადაიგზავნა.

იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო.

ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა "ქოცებმა" [ქართული ოცნების წარმომადგენლებმა] “შეგვაქეს” კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს, რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი.

უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება, ბუნებრივია, არ მომხდარა.

 ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი", - წერს სოსო გოგაშვილი.