ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ბულვარი გაიხსნა
ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ბულვარი გაიხსნა

A+ A-

20:40 22/09/2022

ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ერთი კილომეტრი სიგრძის ბულვარი გაიხსნა.

რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემები მოეწყო, ცენტრალურ ნაწილში კი, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი.

რეაბილიტირებულ ბულვარში დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

"სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. კონკრეტულად, ეს არის რიგის სკვერის გაგრძელება, რომელიც ულამაზესია. ჩვენი დაპირება იყო აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომ არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა. დღეს ხედავთ, ტერიტორია როგორი მოწესრიგებული, გამწვანებული და გალამაზებულია. უზარმაზარი ტერიტორიაა, სადაც გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოწესრიგდა სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა განათების ქსელი. რამდენიმე ადგილია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ, ატრაქციონებზე ითამაშონ და გაერთონ. ყველა თაობის წარმომადგენლისთვის არსებობს შესაბამისი სივრცე. ძალიან მიხარია, რომ სამგორის რაიონში ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სამუშაოების ფარგლებში, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებული თარგები, რომლითაც გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 62 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 2 800-მდე მწვანე ნარგავი.

რიგის პარკის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა. პარკის მიმდებარედ არსებული ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს ნაწილობრივ განხორციელდა, მიმდინარე წელს კი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა.

სამუშაოები, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 9 757 322 ლარი შეადგინა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა. დედაქალაქის მერთან ერთად, დასრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს წევრები გაეცნენ.