უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქეების საქართველოში დეპორტაციის იარაღად გამოყენება. კიევი მოითხოვს, რომ რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ივნისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მიერ საქართველოს საზღვარზე დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა. ესენი ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსეთის "სასამართლომ" "გაასამართლა“ და რომლებიც იძულებული იყვნენ, "სასჯელი“ რუსეთის ციხეებში მოეხადათ. 

როგორც მან აღნიშნა, რუსების ქმედებების შედეგად, ათობით ადამიანი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საზღვრებს შორის სატრანზიტო ზონაშია ჩარჩენილი, ბევრ მათგანს რუსული ციხიდან გასვლის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტები არ აქვს.

"უკრაინის კონსულები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტების მიწოდებისა და მოლდოვას გავლით უკრაინაში გადაყვანის მიზნით. 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი, უკვე ევაკუირებულია ამ გზით. თუმცა, საზღვარზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი რჩება რთულ პირობებში“, - განაცხადა მინისტრმა.

სიბიგას თქმით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ამჟამად აქტიურად მუშაობენ უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე, თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთის რეჟიმი არ გადაწყვეტს საქართველოს საზღვრის გავლით დეპორტირებულთა რაოდენობის გაზრდას.

"შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, უკრაინის მოქალაქეების ეს კატეგორიები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნოს. ჩვენ მზად ვიქნებით, იქიდან მივიღოთ ისინი. საზღვრის შესაბამისი მონაკვეთები არსებობს, სადაც ეს შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ამ წინადადებას პირდაპირ და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ოფიციალური არხების გამოყენებით გადავცემთ“, - განაცხადა მინისტრმა.