ვნახეთ "ვივამედის" განცხადებებიც, მათ კონკრეტული დავალება მიიღეს და ამის შემდეგ დაწერეს ის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისას ოჯახი არ გააფრთხილეს.

"დღეს ცხადია, მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ისე გადაიყვანეს პაციენტი კლინიკიდან ციხეში, რომ არც კი შეატყობინეს ოჯახს და მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს ამის შესახებ, რაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, თუმცა ცხადია, ამას ველოდით, რადგან ვიცით, რომ რუსული რეჟიმის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი იყო. ამას ელოდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა ასე ჩუმად თუ გადაიყვანდნენ, რომ არავის გააგებინებდნენ, ეს დამაბნეველია.

ივანიშვილი არ აპირებს დემოკრატიულ გზაზე დადგომას, ის რეჟიმია. რა უნდა გააკეთოს მან? - ის, რასაც აკეთებს ლუკაშენკო, ასე აჰყავს პოლიტიკური მძევლები და შემდეგ უკვე ამით ვაჭრობს აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან.

ასევე, ვნახეთ "ვივამედის" განცხადებებიც, მათ კონკრეტული დავალება მიიღეს და ამის შემდეგ დაწერეს ის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანა წითლიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. კლინიკა "ვივამედში" კი აცხადებენ, რომ კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ მისცათ.