დიდი ბრიტანეთის საელჩომ "რადიო თავისუფლებასთან" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოთხოვნას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ლონდონმა BBC-ის "სიყალბის" გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

საელჩოს განცხადებით, BBC ბრიტანეთის მთავრობისგან დამოუკიდებელია, შესაბამისად ბოდიშის მოხდის საკითხი მისივე გადასაწყვეტია.

"BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს "რადიო თავისუფლებას" საელჩოში.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს".

1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად "ქართულმა ოცნებამ" პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენა.