საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, ის "ვივამედთან" საპროტესტო აქციას დაიწყებს.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

"ახლა შეშინებულები არიან და იძახიან ასე - "მიშა არ ჭამს, არ გვემორჩილება, დედიკო მოვიდეს და აჭამოს". ხალხო, ნუ გახდით ყველაფერს საშარჟოს. ვითომ წამყვანი საუნივერსიტეტო  კლინიკაა. ბატონი ზურაბი (ჩხაიძე) არის პროფესორი და მას ასეთი გამოსვლები ნამდვილად არ ეკადრება. ცუდი ექიმი არ არის, გვერდზე გადადოს ზეწოლა, შეუძლებელია მასზე არ მიმდინარეობდეს ზეწოლა, რადგან მიშაზე მოსკოვის დავალებით ყველა მანქანა მუშაობს. დავალება არის მოსკოვიდან, შემსრულებლები არიან ქართველები.

გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, დასკვნის დასკვნას ვენდობიო, ვინ კითხავს პარლამენტის თავმჯდომარეს?! ამბობს, რომ ექსპერტების ჯგუფის დასკვნას არ ეთანხმება და ამით კარნახობს სასამართლოს, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს და ყველა ექიმს, რომ ჭკუით იყავით", - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა "ტვ პირველთან".