ეს არის რუსული გავლენების გაზრდა, რუსეთთან უშუალო კონტაქტი, მოთხოვნა რუსეთის, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ ციხეში და ეს არის საკუთარი მომხრეებისთვის ძვლის გადაგდება, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი 5 წელია, ციხეშია.

"ატეხილი აქვთ პროპაგანდისტული ჟრიამული, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია, ციხეშია, 5 წელია, ციხეშია. ადამიანი გაასამართლეს ამ 13 წლიანი დეჰუმანიზაციის პირობებში. როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, როგორც რუსეთთან დაპირისპირებულმა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა ლიდერმა ძალიან დიდი დეჰუმანიზაცია გაიარა. მე თვითონ ვარ მომსწრე მისი წარმოუდგენელი შეურაცხყოფის, ძალიან დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ეს შეხვედრები. ეს დეჰუმანიზაცია ყველას უნდა ეუხერხულებოდეს. მის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი რუსული პროპაგანდა იყო გამოყენებული და ეს ყველას უნდა უქმნიდეს დისკომფორტს, მოსწონს თუ არა სააკაშვილი. ახლა დადგა დრო, როცა ამ დეჰუმანიზაციის რეჟიმს ყველას წინააღმდეგ იყენებს.

რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში ახლა გადაყვანას, მე ვფიქრობ, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ეს არის რუსული გავლენების გაზრდა, რუსეთთან უშუალო კონტაქტი, მოთხოვნა რუსეთის, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ ციხეში და ეს არის საკუთარი მომხრეებისთვის ძვლის გადაგდება. 2008 წლის შემდეგ ეს იყო რუსების მთავარი მოთხოვნა იმიტომ, რომ  საქართველოზე რუსეთის თავდასხმა 2008 წელს ეს ახალ განზომილებაში გამოჩნდა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს, ღამით გადაიყვანეს.