განსხვავება ჩვენსა და სომხეთს შორის ის არის, რომ ომის პარტია "ქართული ოცნებისთვის" არის დასავლეთი და სომხეთისთვის კი რუსეთი, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთმა, მიუხედავად რუსეთის ღია მუქარისა, აირჩია პროდასავლური გზა და ამით სომხეთში ომი არ დაწყებულა.

"ის, რომ რაღაც ტიპის არჩევნებს აზრი აქვს და ამ არჩევნების შედეგმა ხალხის ნება გამოხატა, ეს უკვე კარგია, ალბათ. მეორე არის ის, რომ ეს არგაღიზიანების პოლიტიკა ჩვენს ხელისუფლებაში ძალიან დომინანტურია და თან ფაქტია, რომ რაღაცებში გააღიზიანა ფაშინიანმა რუსეთი და წავიდა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ. იყვნენ კანდიდატები, რომლებსაც კრემლი უჭერდა მხარს და ეს თვითონვე უთხრა პუტინმა ფაშინიანს და ამის მიუხედავად, ომი არ დაწყებულა სომხეთში. 

მეორე, რაც უმნიშვნელოვანესია და ჩვენმა ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს, ეს არის მშვიდობის გზავნილი - ამან საქართველოშიც იმუშავა და სომხეთშიც. ეს ომის შიში კი ქართულშიც და სომხურ საზოგადოებაშიც შეგვიძლია განვაზოგადოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, რომლებმაც გადაიტანეს სხვადასხვა ტიპის სამხედრო დაპირისპირებები, ჩვენი ოპოზიცია ამ საკითხს ჯერ კიდევ უყურადღებოდ ტოვებს და ეს საკითხი არსად არ გამქრალა, უკრაინაში ომი გრძელდება და ასევე გრძელდება "ქართული ოცნების" პროპაგანდა. განსხვავება ჩვენსა და სომხეთს შორის ის არის, რომ ომის პარტია "ქართული ოცნებისთვის" არის დასავლეთი და სომხეთისთვის კი რუსეთი", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.  

7 ივნისს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.