იმ პირობებში, როდესაც "მეგობარი აქტი" შეყოვნებულია, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები, რაც იყო "მეგობარ აქტში", გადანაწილდა ამ კანონპროექტში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა და ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის პარტნიორობის სურვილი არის ძალიან მაღალი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას არ ხვდება საქართველოს შიგნით "ქართული ოცნების" ადეკვატური პოლიტიკა.

"ამას ექნება "მწვანე შუქი" იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო მხარდაჭერა. იმ პირობებში, როდესაც "მეგობარი აქტი" შეყოვნებულია, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები, რაც იყო "მეგობარ აქტში", გადანაწილდა ამ კანონპროექტში და ასევე, თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც უკვე მიღებულია და საქართველოს საკითხი იქ არის მიღებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის პარტნიორობის სურვილი არის ძალიან მაღალი, ოღონდ, სამწუხაროა, რომ ამას არ ხვდება საქართველოს შიგნით "ქართული ოცნების" ადეკვატური პოლიტიკა", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება. კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან. გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს ორმხრივი თანამშრომლობა, ამერიკული ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობა და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო. ასევე უნდა განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გაგრძელება და მომავალში მსგავსი თანამშრომლობისთვის რესურსების გამოყოფა.