საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს, რომელიც რამდენიმე თვე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" დაუსწრებლად გაასამართლებენ, - ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"დონეცკის პროკურატურამ დაამტკიცა ბრალდება 57 წლის საქართველოს მოქალაქის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამომძიებლების თქმით, ბარამიძე უკრაინაში დაქირავებული მებრძოლის სტატუსით 2022 წლის თებერვალში ჩავიდა, სადაც ის საქართველოს ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა.

"მან სამხედრო წვრთნები გაიარა, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის წინააღმდეგ იბრძოდა და მისმა ანაზღაურებამ 238 000 რუბლს გადააჭარბა. ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", - აცხადებენ რუსეთის გენპროკურატურაში.