როგორ გძინავთ ღამე? აა, ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ? უაზროდ ვკამათობთ ერთიანობაზე. ამაზე მოქმედებაა საჭირო და მოქმედების გეშინიათ. სხვა აზრი არ არსებობს ამაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციამ შიში უნდა დაამარცხოს და დადგეს სწორ მხარეს.

"ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ. სანამ შიში იქნება ჩვენს და ივანიშვილს შორის, შიშით ვიქნებით დამარცხებულები, დამცირებულები. ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ეს არ არის თამაში. სახლში მოგივარდებიან, სახლში. 

ყოველი დღე ჩვენი სამშობლოსთვის გადამწყვეტია. სამი თვის წინ გარეთ გასვლა და პროტესტი შეგეძლოთ, ”ფეისბუკზე” დაპოსტვა შეგეძლოთ და დღეს, ეს არ შეიძლება. ახლა ტროტუარზე რომ დადგე, ხუთი დღით ადრე უნდა მიმართო უწყებას. ეს არ არის თამაში! მალე სახლში მოგივარდებიან. 300-მდე პოლიტპატიმარია სამშობლოს სიყვარულისთვის.

როგორ გძინავთ ღამე? აა, ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ? უაზროდ ვკამათობთ ერთიანობაზე. ამაზე მოქმედებაა საჭირო და მოქმედების გეშინიათ. სხვა აზრი არ არსებობს ამაზე. მე გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ და არა ჩასაფრებულის. 

საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ შიში. არც მე მინდა ციხეში, თქვენ გგონიათ მსიამოვნებს ციხეში ყოფნა? საერთოდ არ მინდა. მაგრამ უნდა დაამარცხოთ ეს შიშები. საქართველოს ბედი წყდება დღეს, მშვიდად ნუ გძინავთ! ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და იბრძოლეთ. 60-70 წლის ადამიანები ციხეში ჩაყარეს, სოციალურად დაუცველები, დაავადებულები, ახალგაზრდა ბიჭები ციხეში სხედან, გეყოთ გამბედაობა, გამოდით და უთხარით, ითანამშრომლონ და გამოვიდნენ ციხიდან", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.