პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო, წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: "აი, ნონა დავიჭიროთ“, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა ნონა პანტიაშვილმა "იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვარ ის ექთანი, ვისზეც "ფეისბუქზე“ დაწერა ქალბატონმა ნინომ. შეკითხვა იყო სასამართლოზეც, სადაც მე ვუპასუხე ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს, რომ მისგან კონკრეტულად მუქარა არ ყოფილა, მაგრამ წარმოიდგინეთ მორიგე ექთანი, რომელიც შედის პაციენტთან წნევის გასაზომად, ყველა არხი ატრიალებს ერთსა და იმავეს, რომ მედმუშაკები, სავარაუდოდ, შევლენ "მაგნიტსკის სიაში“, დასაჭერ სიაში და ა.შ. პაციენტს ჰქონდა ჩართული ტელევიზორი, აღარ მახსოვს, რომელი არხი იყო, ვუზომავდი წნევას, როცა პაციენტი შემოტრიალდა ჩემკენ და თქვა: აი, ნონა დავიჭიროთ. ეს ჩემთვის იყო სტრესი, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, გავუშვი წნევის აპარატს ხელი და ვკითხე კიდეც: რატომ?", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა.

პანტიაშვილის თქმით, მისთვის ცოტა გაუგებარი იყო რატომ უნდა მისულიყო სასამართლოზე.

"სამწუხაროდ, ყველაფერი სასამართლოზე არ მითქვამს, თავისუფლად როგორ უნდა ვყოფილიყავი პროცესზე, როცა ტელევიზორში ყოველდღე ვისმენთ ერთსა და იმავეს, რომ გვიცხადებენ უნდობლობას, დაგვიჭერენ, სიაში შეგვიყვანენ და ა.შ. მე არ შემიძლია მუშაობა იქ, სადაც არ მენდობიან“, - აცხადებს პანტიაშვილი.