პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 მომხრე 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს თანმდევ პროექტებთან ერთად.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, წესრიგდება საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესთან და აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების სისტემაში დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1 იანვრამდე.