ორთვიანი პატიმრობის შემდეგ 35 წლის საიმონ ლევიევმა ქუთაისის ციხე დატოვა. ის ნეტფლიქსის სერიალ "ტინდერის თაღლითის" გმირია.

საიმონ ლევიევი გერმანიის მოთხოვნით საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, როგორც "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ძებნილი.

მისმა ქართველმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ საიმონ ლევიევმა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება დღეს ისე დატოვა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული "საქმე სრულად შეწყდა" და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა. მას ციხის დატოვებისთვის არ დასჭირვებია არც გირაოს გადახდა, არც საპროცესოს გაფორმება და არც სამოგზაურო შეზღუდვები დაწესებია.

კუბლაშვილის განმარტებით, გერმანულმა მხარემ უკან წაიღო მისი დაპატიმრებისა და ექსტრადაციის მოთხოვნა - ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას საქმეში საიმონის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობით ხსნის.

საიმონ ლევიევი 15 სექტემბერს ბათუმში დააკავეს. გერმანიაში ლევიევს ბრალი ქალისგან თითქმის 44 000 ევროს მოპარვის და მის სახელზე საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის გამოყენებით ათასობით დოლარის მითვისების ბრალდებით წაუყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევიევი თავს ბრილიანტებით მოვაჭრედ ასაღებდა, ქალებს უკავშირდებოდა Tinder-ზე და თაღლითობით ფულს სძალავდა. 35 წლის ლევიევზე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული Netflix-საც.