სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება სუსში "ბიბისის" საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მედიკოსი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ჩახუნაშვილის თქმით, გამომძიებლებს კითხვები ძირითადად მის სამეცნიერო ნაშრომებზე ჰქონდათ.

"გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. შეკითხვები იყო ისეთი ხასიათის, რომ რა ვიცი, ძირითადად, სივზე მეკითხებოდნენ, ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზეა და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზეც საჯაროა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს.

რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას თუ როგორც არის, იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება, რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა და კონკრეტული წუთი და საათი დავუსახელე, სადაც ბიბისი კონკრეტულად ამას ამბობს. ვიდეოში არის 36 წუთი და მე-12 წამი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტი რაც იყო, იმიტომ, რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს, რომ შეგვესწავლა და ამის შემდგომ მე რამდენჯერმე ვუთხარი, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა ბიბისი ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36 და მე-13 წამიდან რომ დაიწყონ ყურება, მაგაზეა.

ჩემი აზრით, მათ უნდათ, თქვან, რომ ბიბისი დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა, ამით მოახდინონ ბიბისის დისკრედიტირება და ისე გამოიყვანონ, თითქოს ბიბისი ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის ასევე დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, თუ ეს ყველაფერი არ გავიდა, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად ან განტევების ვაცად", - აცხადებს ჩახუნაშვილი.