ფესტივალი "მწვანე საღამოების“ ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით სალენტოს ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გაიმართა.

საელჩოს ინფორმაციით, კონცერტში, რომელიც იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა, იტალიელი მომღერალი და მუსიკოსი კონსუელო ალფიერი  მონაწილეობდა, რომელმაც ქართველ მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

"გარმონის, დაირას და ვიოლინოს მეშვეობით აჟღერებულმა ჰანგებმა და თავბრუდამხვევმა ცეკვის რიტმმა მსმენელი მოაჯადოვა და სალენტოს უძველესი კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების სამყაროში ამოგზაურა.

კონცერტის მომდევნო დღეს იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ და უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში: თბილისის ბოტანიკური ბაღის „დავიწყებული ხილის ხეივანს“, რომელიც 2021 წელს ტონინო გუერას „დავიწყებული ხილის ბაღის“ მსგავსად შეიქმნა და იტალიიდან სპეციალურად ჩამოტანილი, გამოჩენილი იტალიელი და ქართველი ადამიანების სახელზე დარგული ხის ნერგებით გაშენდა, ახალი ნერგები, მათ შორის, იტალიელი კინოვარსკვლავის, ორნელა მუტის სახელზე დარგული ხე შეემატა.

იტალიელი კინომსახიობი სულ ახლახან თბილისს ეწვია და მონაწილეობა მიიღო საქართველოში იტალიის საელჩოს პატრონაჟით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.