უკრაინაში მებრძოლი და შემდეგ რუსეთში ტყვედ ჩავარდნილი და დაკავებული ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა დალი გაწერელია სახელმწიფოსგან დახმარებას ამ დრომდე ითხოვს.

"TV პირველთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ 2-თვიანი უკონტაქტობის შემდეგ მამუკა გაწერელია საქართველოში მყოფ მშობლებს კოლონიიდან ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა.

ის აღნიშნავს, რომ მედიაში გაკეთებული ინტერვიუების შემდეგ ხელისუფლება ამ დრომდე არ დაკავშირებია.

"ხელისუფლება, ამ ინტერვიუების მერე, ჯერ არც გამომხმაურებია და მოთხოვნა გვაქვს ის, რაღაც მაინც გააკეთონ ამ ბავშვის გულისთვის. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ტყვეობაშია. ძალიან მოკლე წერილი მოვიდა, მეც მიკვირს, ასეთი პატარა წერილი რატომ დაწერა, მაგრამ ისევ შედის 28-ში მეორე ადვოკატი, იმედია, უფრო ვრცლად მოგვწერს რაღაცებს", - აცხადებს ის.

მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, აზოვსტალი დატოვეს.

მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.