საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარეს ჯორჯ ნიკოლესკუს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის  პროექტის მნიშვნელობასა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით ეფექტიანი მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობაზე.

მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ხელი მოეწერება სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რეგულირებად სექტორებში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.

სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.